ახალი კონტრაქტი სამ ფეხბურთელს - პსჟ-მ ლიდერები შეინარჩუნა
„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები ლუის ენრიკესთან თანამშრომლობის გაგრძელებას რომ გეგმავდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ დილით გავრცელდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, კლუბის ერთგულ ქომაგებს სხვა სიახლეებიც ელოდათ. „მონაკოსთან“ გუშინდელი მატჩის დაწყებამდე, მთავარი მწვრთნელის გარდა, სამ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გამოცხადდა, რომლებიც გუნდის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრებად ითვლებიან.
საუბარია მაროკოელ მარჯვენა მცველ აშრაფ ჰაკიმიზე და კლუბის პორტუგალიელ ლეგიონერებზე, მარცხენა მცველ ნუნუ მენდეშსა და ნახევარმცველ ვიტინიაზე - სამივე მათგანი „პარკ დე პრენსზე“ 2029 წლამდე დარჩება და ბუნებრივია, მათი ფინანსური მდგომარეობაც საგრძნობლად გაუმჯობესდება. „სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ აღნიშნა, რომ სწორედ ამ მოთამაშეების დიდი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ მათი გუნდი ამ დრომდე წაუგებლად ასპარეზობს.
ცნობისათვის, პსჟ ევროპის ტოპ 5 ლიგაში ერთადერთი კლუბია, რომელიც ჯერაც არ დამარცხებულა. გუშინდელ გამარჯვებაში კი პარიზელებს სადებიუტო ეფექტური გოლით ხვიჩა კვარაცხელია დაეხმარა, რომელიც „ნაპოლიდან“ რამდენიმე კვირის წინ დაიმატეს.