ისტორიული მედალი კარატეში - სალომე ქაქუთიას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს ქალთა კარატეს ისტორიული წარმატება - პოლონეთის ქალაქ ბიელსკო-ბიალაში მიმდინარე სპორტული კარატეს ევროპის ჩემპიონატზე სალომე ქაქუთია ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და ის პირველი ქართველი ქალი კარატისტია, რომელმაც კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საპრიზო ადგილისთვის შეხვედრაში ქაქუთიამ იტალიელ მოწინააღმდეგეს დამაჯერებლად აჯობა.
კონტინენტის 21-წლამდე პირველობაზე საქართველოს სპორტული კარატეს ნაკრები მთავარი მწვრთნელის გოგიტა არქანიას ხელმძღვანელობით 19-კაციანი შემადგენლობით ასპარეზობს. ტურნირმა სტარტი გუშინ აიღო და დღეს დასრულდება. შეჯიბრებისთვის ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა რამდენიმეკვირიანი მოსამზადებელი შეკრება გაიარა, სადაც ყურადღება როგორც ფიზიკურ, ასევე ტაქტიკურ მეცადინეობას დაეთმო. ევროპის პირველობის პარალელურად, პოლონეთში არბიტრებისა და მწვრთნელების სემინარებიც ტარდება და სპეციალური გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ლიცენზია ხუთმა მსაჯმა და ერთმა მწვრთნელმა აიღო.
შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში თბილისში სპორტულ კარატეში უმაღლესი რანგის შეჯიბრება სერია A ჩატარდა, რომელსაც ადგილზე მსოფლიო კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ანტონიო ესპინოსა დაესწრო.