„ქომაგები მის დაკარგვას ვერ ინელებენ“ - ნეაპოლური მედია კვარაზე
პსჟ-ში სადებიუტო გოლის შემდეგ, ნეაპოლური პრესა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და მის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.
აშკარაა, რომ ნეაპოლელები კვარას ვერ ივიწყებენ და უკვე ნოსტალგია აწვებათ. სავარაუდოდ, ეს გრძნობა მათ კიდევ დიდ ხანს გაჰყვებათ.
გთავაზობთ ნეაპოლური გამოცემების გამოხმაურებებს:
AreaNapoli:
„კვარამ ლამაზად ითამაშა და პარიზელი ქომაგები გაახარა, რომლებიც ტაშს დიდ ხანს უკრავდნენ. ხვიჩამ თავისი უზარმაზარი ნიჭი ახალი პუბლიკის წინაშეც აჩვენა.
ქართველს შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ის მოედანზე დიდი სისწრაფითა და არანორმალური დრიბლინგით მოქმედებდა. ხვიჩა მარჯვენა ფეხით თამაშობს, თუმცა ცაციასაც კარგად ხმარობს. ჯანფრანკო ძოლას და კიდევ ბევრ იტალიელ სპეციალისტს ჯორჯ ბესტს აგონებს. ნეაპოლელებს მისი დაკარგვა ჯერაც ვერ მოუნელებიათ, ეს ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გაიაზრეს. ნაპოლის ქომაგები კვარას ბოლომდე უგულშემატკივრებენ, რადგან იგი სკუტედოს ერთ-ერთი აბსოლუტური გმირია“.
Tuttonapoli:
„კვარამ ლიგა 1-ში პირველად გაიტანა და თან როგორ! ბურთი საჯარიმოში მიიღო, ტექნიკური მოძრაობით მცველი ჩამოიშორა და მარცხენა ფეხით გაიტანა“.
Spazionapoli:
„კვარაცხელიას სადებიუტო გოლი დიდებული იყო. ხვიჩამ ორი მეტოქე ჩამოიშორა და გაიტანა. პარკ დე პრენსზე შეკრებილი ქომაგები ამის ხილვით ბედნიერები იყვნენ“.
Calcionapoli24:
„ეს იყო გიჟური გოლი! ხვიჩამ ის იმავე სტილში აღნიშნა, როგორც ეს ნაპოლის რიგებში პირველი ბურთის გატანისას გააკეთა“.
Calcionapoli1926:
„ეს არის სწორედ ის მარგალიტი! კვარამ კრიტიკოსები განდევნა! ქართველი თავდამსხმელის განსაკუთრებული გოლი, რომელიც ნაცნობ სტილში აღნიშნა. მან ეიფელის ჩრდილში პირადი სიხარული იპოვა. ხვიჩამ ყველას Night Night უსურვა. აღნიშვნა, რომელიც NBA-ს ვარსკვლავს სტეფ კარის ეკუთვნის და მისგან არის ინსპირირებული“.
კვარას ყველა მომენტი VS მონაკო