აგენტი შეიცვალა - სიახლეები მიქაუტაძის შესახებ
გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით ფრანგულ პრესაში უკანასკნელი საათების მანძილზე რამდენიმე სიახლე გავრცელდა. ცნობილი გამოცემა Footmercato-ს ცნობით, „ლიონის“ 24 წლის ქართველმა ფორვარდმა აგენტი შეიცვალა და ამიერიდან მის სატრანსფერო ამბებთან დაკავშირებულ საქმეებს VV Consulting-ის წარმომადგენლები იზრუნებენ, რომელიც საკმაოდ ცნობილი სააგენტოა და როგორც საფრანგეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელის ინტერესებს იცავს.
სხვა ფრანგული გამოცემები კი წერენ იმ არჩევანის თაობაზე, რომლის გაკეთებაც უახლოეს მომავალში „ოლიმპიკის“ ახალ მთავარ მწვრთნელს მოუწევს. რთული სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, პაულო ფონსეკას შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს, რადგან თითოეულმა მარცხმა ლიონელები ევროზონას შესაძლოა კიდევ უფრო დააშორონ. პორტუგალიელ სპეციალისტს შეახსენეს ფაქტი - მიუხედავად იმისა, რომ ლაკაზეტთან შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა, მიქაუტაძემ წელს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 8 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მაინც მოასწრო, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ის კიდევ უფრო მეტ ნდობას იმსახურებს.
20 მატჩში დაგროვებული 30 ქულით „ლიონი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილს იკავებს. „ოლიმპიკი“ მომდევნო შეხვედრას ხვალ, მშობლიურ „გრუპამა სთედიუმზე“ „რეიმსთან“ ჩაატარებს, რომელიც თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.