„ხვიჩამ თავისი მომენტი ნამდვილი „ცხრიანივით“ გამოიყენა“ - ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „მონაკოსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალიტების კითხვებს უპასუხა და პარიზელთა ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
ლუის ენრიკე:
„არ ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო მატჩი იყო. პერიოდულად „მონაკოს“ ბურთს ვერ ვართმევდით და რთული მომენტებიც იყო. პირველი ტაიმი თანაბარი იყო, პრესინგის განხორციელება გვიჭირდა. „მონაკო“ ძალიან კარგად გაწვრთნილი, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელთანაც ყოველთვის გვიჭირს თამაში.
მეორე ტაიმში უფრო ეფექტიანად ვიმოქმედეთ. ბურთი კარგად „მოძრაობდა“ და ვფიქრობ, გამსახურებულად გავიმარჯვეთ, თუმცა, გავიმეორებ, როგორც ყოველთვის, „მონაკოსთან“ თამაში რთული იყო.
კვარაცხელიას 3 სხვადასხვა პოზიცია? კვარას ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი ძალიან კარგად იცნობს, თუმცა ჯერ კიდევ ვაკვირდებით, რომელ პოზიციაზე გრძნობს ის თავს ყველაზე კარგად. ბრედლი ბარკოლასაც შეუძლია ცენტრში თამაში, კარგად თამაშობს ფლანგებზეც. იმავეს თქმა შეიძლება უსმან დემბელეზეც.
თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ეს ეხება ლი კანგინსაც და დეზირე დუესაც. ვცდილობთ, რომ შემტევებმა სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშონ. კვარას რომ დავუბრუნდეთ, მას შეტევაში სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში. დღეს თავისი მომენტი იდეალურად, ნამდვილი „ცხრიანივით“ გამოიყენა. ამას აკეთებდა ყოფილ კლუბშიც და ნაკრებშიც. დარწმუნებული ვარ, მომავალში ის დიდ სარგებელს მოგვიტანს“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა, პსჟ-მ კი „მონაკო“ 4:1 დაამარცხა.
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩამ პსჟ-ში 4 მატჩის ჩატარება მოასწრო. მისი მონაგარი 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ს 53 ქულით ლიდერობს. მომდევნო მატჩს პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე „ბრესტის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 11 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.