ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„თავდაჯერებულია, მონაკოს მცველი გააქრო“ | როგორ შეაფასეს ფრანგულ პრესაში კვარას თამაში

საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო გოლი გაიტანა. „კვარამ“ „მონაკოს“ კარი ლამაზ სტილში აიღო და მატჩის შემდეგ, ფრანგულმა გამოცემებმა მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.

Footmercato: „კვლავინდებურად ძირითად შემადგენლობაში გამოჩენილმა ქართველმა ვარსკვლავმა საკუთარი თავი უკეთ წარმოაჩინა. ეფექტური დრიბლინგები ჰქონდა, მობილური იყო და პრესინგზე აქტიურად ადიოდა. ლუის ენრიკეს სისტემაში, სხვადასხვა პოზიციაზე გიწევს თამაში და კვარაცხელიაც ბევრს მოძრაობდა. და გადამწყვეტ მომენტში, როგორც იქნა, თავი გამოიჩინა. მან მონაკოს მცველი დააბნია და საკუთარი გუნდი დააწინაურა. დუბლის გაფორმებაც შეეძლო და გამორჩეული მატჩი ჰქონდა“.

Maxifoot: „ბურთთან ერთად ძალიან სუფთა იყო და ზუსტი გადაცემები ჰქონდა. ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე ტექნიკური უნარები გამოაჩინა. მაგალითად, მისი მოძრაობა სადებიუტო გოლისას. კინაღამ დუბლიც გაიფორმა და 67-ე წუთზე, გონსალუ რამუშმა ჩაანაცვლა“.

Parisfans: „კვარას პირველი ტაიმის შეფასება ძალიან რთულია. საინტერესო რაღაცები გააკეთა, მაგრამ იყო მომენტები, როცა ნაკლებად „ცოცხალი“ გახლდათ და მარტო თამაშობდა. მცველებისგან გათავისუფლდა და გოლი გაიტანა, მაგრამ თავი სხვა კარგი რაღაცებითაც დაგვამახსოვრა“.

90min: „სწორ გზაზე დგას და გოლიც გაიტანა, მაგრამ შესაძლებლობები სრულად ჯერ არ გამოუვლენია. პარიზულ კოლექტივში თავს უფრო და უფრო კომფორტულად გრძნობს, თუმცა, გარკვეული ეჭვები და ყოყმანი ეტყობა შეტევით ფაზებში, როცა ინსტინქტი და რისკის გაღებაა საჭირო. 54-ე წუთზე, მავისა ბოლომდე დააბნია და ქართველმა ფეხბურთელმა პარკ დე პრენსზე პირველად იზეიმა“.

Goal: „კვარაცხელიას გოლი 54-ე წუთზე ვიხილეთ. ქართველმა ფეხბურთელმა ცრუმოძრაობით მცველი გააქრო, რასაც მარცხენა ფეხით დარტყმა მოაყოლა და მეკარეს რეაგირების საშუალება არ მისცა. პარკ დე პრენსი სიხარულით აფეთქდა, როცა კარის ბადე შეირხა და გულშემატკივრები გუნდის ახალწვეულის მიღწევას შეეგებნენ. 285 წუთის შემდეგ გატანილი გოლი, კვარასთვის ტრამპლინი იქნება. ხვიჩამ აჩვენა, რომ თავდაჯერებულია და მზადაა, პარი სენ-ჟერმენის შეტევის მთავარი ელემენტი გახდეს. მისი უნარი, რომ მეტოქე მოატყუოს და მომენტები შექმნას, ლუის ენრიკესთვის ძვირფას აქტივად აქცევს“.

ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები VS მონაკო

ცნობისთვის, 21 ტურის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში დაუმარცხებლად მიდის და მის ანგარიშზე 16 მოგება და 5 ფრეა. ლუის ენრიკეს გუნდს 53 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილის ლიდერია და მომდევნო შეხვედრა 16 თებერვალს, „ტულუზასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ იქნება დვალიშვილის მეტოქე - იანი მერაბთან გამოირიცხა
ვინ იქნება დვალიშვილის მეტოქე - იანი მერაბთან გამოირიცხა