ნაპოლის შეცდომა | რას წერს Il Mattino კვარაცხელიაზე
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერს იტალიურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახლახან, „კვარას“ წასვლაზე სტატია ნეაპოლურმა გამოცემამ, Il Mattino-მ გამოაქვეყნა სტატია და მასში კლუბის ბრალეულობაზე ისაუბრა.
„არ ვამბობ, რომ მისი მხრიდან შანტაჟი იყო, მაგრამ ეს კინაღამ მოხდა“, - ნაპოლის სპორტული დირექტორის, ჯოვანი მანას განცხადება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით იყო, ნამდვილად მკაცრი გახლდათ. და რატომ მოხდა ასე? იმიტომ რომ, მას შეეძლო, ფიფას მე-17 მუხლი აემოქმედებინა და სეზონის ბოლოს, კლუბი დაეტოვებინა. გამომდინარე აქედან, შანტაჟი იყო ასეთი: პსჟ-ში გამიშვებთ ან სეზონის ბოლოს წავალ და კაპიკებს მიიღებთ.
ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლებს მანას სიტყვებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათ დარტყმა მიიღეს და სიტუაციის გამწვავებას თავი აარიდეს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ კვარა თავის გამოსამშვიდობებელ ვიდეოში ფანებს დაჰპირდა, ერთ დღეს სიმართლეს ვიტყვიო.
როდის იტყვის სიმართლეს, რომელიც უკვე ყველასთვის ცნობილია? სანამ ხვიჩა განცხადებას გააკეთებს, მანამდე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაპოლის ცუდი მენეჯმენტი ჰქონდა. არა იმის გამო, რაც 2024 წლის ზაფხულიდან 2025 წლის თებერვლამდე მოხდა, 70 მილიონი ევრო მცირე თანხა სულაც არაა. პრობლემა ისაა, რაც მანამდე, საჩემპიონო სეზონის ბოლო თვეებში მოხდა. სწორედ იმ დროს უნდა მიმხვდარიყვნენ აურელიო დე ლაურენტისი და სხვები, რომ უცხოური კლუბები წნეხს განახორციელებდნენ. მათ კვარაცხელიას ხელშეკრულებაში ცვლილებები უნდა შეეტანათ.
ეს არ მომხდარა არც ზაფხულში, როცა პარი სენ-ჟერმენის მხრიდან სერიოზული სიგნალები წამოვიდა. მომდევნო თვეებში, ნაპოლიმ 6-მილიონიანი წინადადება გააკეთა, მაგრამ ეს ხელფასი გაცილებით დაბალი იყო იმაზე, რასაც ქართველი ფეხბურთელი ითხოვდა“, - წერს ნეაპოლური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ კვარაცხელია 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და პარიზელთა მაისურით ჩატარებულ 3 შეხვედრაში, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაა.