ბენზემას გაუსწრო - კრიშტიანუს 65 გოლი 65 მატჩში
კრიშტიანუ რონალდუ ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს და გოლი ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიტანა. საუდის არაბეთის პრო ლიგის XIX ტურში „ალ-ნასრიმ“ საკუთარ სტადიონზე „ალ-ფაიჰა“ 3:0 დაამარცხა, მატჩს კი საბოლოო წერტილი სწორედ 40 წლის ვეტერანმა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა დაუსვა. კრიშტიანუსთვის ეს მიმდინარე პირველობაზე რიგით მე-16 გოლია, რის შემდეგაც ყოფილ თანაკლუბელ კარიმ ბენზემასთან (14) ბომბარდირთა დავაში ჰანდიკაპი ორ ბურთამდე გაზარდა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, რონალდუ უკვე ზედიზედ ხუთი მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს - მან დუბლი „ალ-ხალიჯთან“ და „ალ-ვასლისთან“ შეასრულა, თითო ბურთით კი თავი „ალ-რაედასთან“ და „ალ-ფატეჰთან“ თამაშებში გამოიჩინა. მთლიანობაში პორტუგალიელს საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლის შემდეგ გამართულ 65 შეხვედრაში 65 გოლი აქვს გატანილი, რაც მართლაც რომ შთამბეჭდავი მაჩვენებელია.
მისი პორტუგალიელი ლიდერისგან განსხვავებით, „ალ-ნასრი“ წელს მაინცდამაინც მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას - 19 ტურის შემდეგ იტალიელი სპეციალისტის, სტეფანო პიოლის მომზადებულ გუნდს 41 ქულა აქვს და ლიდერ „ალ-იტიჰადს“ 8 ქულით ჩამორჩება.