„მის ტრანსფერზე ინფორმაცია არ მაქვს“ | ქოჩორაშვილი მალაგასთან საეჭვოა
„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ხულიან კალერომ პრესკონფერენცია გამართა და „მალაგასთან“ ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა. კალერო გიორგი ქოჩორაშვილის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მისი თამაში საეჭვოა.
„ქოჩორაშვილს კოჭი ისევ აწუხებს. სერიოზულად არა, მაგრამ საკმარისად, რათა ამ მომენტისთვის, სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშოს. გადავწყვეტთ ჩვენს დახმარებას შეძლებს თუ არა. არ გვინდა, ისევ ტრავმა მიიღოს და მისთვის თამაში ძალიან რთული იქნება.
ქოჩორაშვილის სპორტინგში ტრანსფერი? არ ვიცი, შეთანხმებას მიაღწიეს თუ არა, რადგან მთავარი მწვრთნელი ვარ და კლუბში მიმდინარე რაიმე მსგავს პროცესზე ინფორმაცია არ მაქვს. ქოჩორაშვილი ჩვენი ფეხბურთელია და თუ ვინმეს მისი გადაყვანა უნდა, ლევანტეს უნდა შეუთანხმდეს“.
ცნობისთვის, პორტუგალიური Record-ის ინფორმაციით, სპორტინგის“ სპორტულმა დირექტორმა, უგო ვიანამ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები ვალენსიურ კლუბთან და ქართველი ნახევარმცველი ზაფხულში „ლომებს“ შეუერთდება.
როგორც Record-ისთვის ხდება ცნობილი, „სპორტინგი“ „ლევანტეს“ 5,5 მილიონ ევროს გადაუხდის, ბონუსების სახით კი კიდევ 1,5 მილიონი იქნება გათვალისწინებული. გარდა ამისა, „ლევანტე“ ქოჩორას მომდევნო ტრანსფერიდან მიღებული თანხის გარკვეულ პროცენტს მიიღებს.