„მაინტერესებს, როგორ წარმოაჩენს თავს დიდ მატჩში“ - ფრანგი ჟურნალისტი კვარაზე
ფრანგმა ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომ RMC Sport-ის პოდკასტ After Foot-ში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ გარემარბზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
ჟურნალისტის თქმით, ახლა, როდესაც პარიზელთა შეტევის ხაზი (დემბელეს, დუეს და ბარკოლას სახით) შედეგიან და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს, ხვიჩა კვარაცხელიამ მათ ფეხი უნდა აუწყოს.
დანიელ რიოლო:
„მაინტერესებს, როგორ წარმოაჩენს თავს დიდ მატჩში. უკვე სამი თამაში ჩაატარა და ჯერ კიდევ არასტაბილურია. იგრძნობა, რომ ხვიჩას თავისი უნარების ჩვენება სურს, ამიტომ ზოგჯერ ზედმეტი მოსდის, თუმცა ეს მას ყოველთვის ახასიათებდა.
კვარაცხელიამ ფეხი უნდა აუწყოს გუნდს და ლუის ენრიკეს მოთხოვნებს. ბოლო თამაშებში პსჟ შეტევაში შეუჩერებელია და ახლა კვარამ უნდა აჩვენოს, თუ რა შეუძლია“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
კვარამ პარიზელთა მაისურით 3 მატჩის ჩატარება მოასწრო - მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასია.