დიდ ზეიმს ვგეგმავთ - კრიშტიანუს 1000 გოლზე საუბარი დაწყებულია
კრიშტიანუ რონალდუს ორი დღის წინ 40 წელი შეუსრულდა, თუმცა კარიერის საწყის ეტაპზე აღებულ ტემპს ოდნავადაც არ აგდებს და ამჯერადაც საკმაოდ შედეგიანად ასპარეზობს. ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელის მთავარი მიზანი 1000-გოლიან ნიშნულზე ასვლაა, რასაც ამჟამინდელი მონაცემებით 77 ბურთი აშორებს, რაც მისი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, მიუღწეველი ამოცანა ნამდვილად არ უნდა იყოს. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ერთ-ერთი სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში „ალ-ნასრის“ კომერციულმა დირექტორმა ხორდი დურანტემ:
„პირადად ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, კრიშტიანუს კონტრაქტს სიცოცხლის ბოლომდე გავუფორმებდი, რადგან ის პროფესიონალიზმის მაგალითია ადგილობრივი მოთამაშეებისთვის, ხოლო უცხოელ ფეხბურთელებს საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადმოსვლისკენ უბიძგებს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თავის მე-1000 გოლს სწორედ ჩვენთან თამაშისას გაიტანს და უკვე მოფიქრებულიც მაქვს, თუ რა მასშტაბების ზეიმით უნდა შევხვდეთ ამ უდიადეს მოვლენას.
ცნობისათვის, „ალ-ნასრის“ ღირსებას კრიშტიანუ რონალდუ 2022 წლიდან იცავს და მას შემდეგ საუდის არაბეთის კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 95 შეხვედრაში თავი 87 გოლით გამოიჩინა.