„ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, დაე, ღირსეულმა გაიმარჯვოს“ - თიქნესი თოფურიაზე
UFC 312-ზე ალექსანდრე თოფურიას მეტოქემ, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კოლბი თიქნესმა მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა.
როგორც ცნობილია, ალექსანდრეს კოდი ჰადონთან უნდა ეჩხუბა, თუმცა ის ტრავმის გამო ბრძოლას ჩაეხსნა, რის შემდეგაც „ელ კონკისტადორის“ მეტოქედ კოლბი თიქნესი დასახელდა.
კოლბი თიქნესი:
„მოსამზადებელი ბანაკი არ მქონია, უბრალოდ ვცდილობდი, ფორმაში ვყოფილიყავი და წონა ჩამებარებინა. მუდმივად ვვარჯიშობ, მაგრამ ორი კვირა ჩხუბისთვის მოსამზადებლად საკმარისი არაა. რა თქმა უნდა, ტაქტიკისა და სტრატეგიის შერჩევა შეგიძლია, მაგრამ ჩვეულებრივ პირობებში მოსამზადებლად 8 კვირაა საჭირო. ახლა ისღა დამრჩენია, შევიდე გალიაში და ჩემი ჩხუბი ვაჩვენო.
შევისწავლე ალექსანდრე, გამოვყოფდი მის ძალასა და ზეწოლას. საუბარი მაქვს არა მხოლოდ დარტყმების, არამედ ჭიდაობის სიძლიერეზეც. ფიზიკურად ძლიერია, თუმცა აქამდე სუპერმსუბუქ წონაში არ უჩხუბია, ამიტომ წონაში საგრძნობლად უნდა დაიკლოს. ვფიქრობ, მასთან საჩხუბრად მზად ვარ.
თოფურიას სისუსტეები? მაქვს სამოქმედო გეგმა, მაგრამ დეტალებში არ შევალ. სუსტი მხარეები ყველას აქვს, უბრალოდ უნდა შეისწავლო, ამ შეცდომებს მეტოქე ან თვითონ უშვებს, ან შენ უნდა დააშვებინო. ორივე ტიპის სისუსტეები ვიცი, ამიტომ ახლა უნდა დაველოდო ჩხუბს და შევეცადო, ჩვენი გეგმა სისრულეში მოვიყვანო.
ალექსანდრეს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. იმედია, ოქტაგონზე თავის საუკეთესო ვერსიას აჩვენებს - დაე ღირსეულმა გაიმარჯვოს“.
თიქნესმა ისაუბრა ალექსანდრ ვოლკანოვსკიზეც და განაცხადა, რომ ვოლკი აუცილებლად დაბრუნდება და ილია თოფურიას დაამარცხებს, თუ მასსა და „ელ მატადორს“ შორის რევანში შედგება.
„როდესაც ვოლკი ფორმაშია, ქვემსუბუქ წონაში ის მსოფლიოში საუკეთესოა. თუ მისი და ილიას რემატჩი შედგება, დაახლოებით ისეთივე ჩხუბს ვნახავთ, როგორიც ჰოლოუეისა და ვოლკის მესამე ჩხუბი იყო“.
ცნობისთვის, თიქნესისა და თოფურიასთვის 9 თებერვალს გასამართი ჩხუბი UFC-ში სადებიუტო იქნება.