ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ადაპტაციის გავლა სჭირდება, მაგრამ არ გვეჩქარება“ - ენრიკე კვარაზე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „მონაკოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის გუნდის ქართველ ახალწვეულზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

რა თქვა ლუის ენრიკემ:

„კარგი დინამიკა გვაქვს, ვცდილობთ, ის რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ. სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, აუცილებლად იქნება რთული მომენტები, მაგრამ ვფიქრობ, გუნდი ამისთვის მზადაა.

შეგვიძლია როტაციის დაგეგმვა, მაგრამ ხდება ტრავმები, დისკვალიფიკაციები... ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად დავარეგულიროთ ყველას სათამაშო დრო... თუ ვინმეს ზედიზედ რამდენიმე მატჩის გამართვა უწევს ეს პრობლემა კი არა, თავის გამოჩენის შესაძლებლობაა. როგორც მწვრთნელს, მინდა, რომ ფეხბურთელებს შორის კონკურენცია იყოს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მათ მოედანზე გასვლის შანსი აქვთ, ყველა მზად უნდა იყოს.

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ კლუბში გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ უთამაშია, ამიტომ მას ადაპტაციის გავლა სჭირდება. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პერიოდი, არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩვენთვის პრობლემა არაა, იმიტომ რომ ის გრძელვადიანი პროექტისთვის დავიმატეთ. გუნდს კარგი დინამიკა აქვს, ამიტომ არ გვეჩქარება.

უსმან დემბელე ჭკვიანი ფეხბურთელია, მას შეუძლია თანაგუნდელებს შორის დამაკავშირებელი რგოლი იყოს. ის შესანიშნავ ფორმაშია, სტატისტიკურად კი საუკეთესო სეზონს ატარებს. მინდა, რომ მან საკუთარ თავს ზღვარი არ დაუწესოს. დემბელესგან გუნდის ლიდერობას ვითხოვ, ეს კი არა მხოლოდ გოლებს, არამედ საგოლე პასებს და დაცვაში თამაშსაც ეხება.

ვფიქრობ, „მონაკოსთან“ მატჩი ისეთივე იქნება, როგორც მათ წინააღმდეგ გამართული წინა ორი მატჩი. ეს ორგანიზებული და კარგად გაწვრთნილი გუნდია, რომელმაც უბურთოდ თამაშში დიდი პროგრესი განიცადა. ისინი კარგად ითვისებენ სივრცეებს, მოედნის ცენტრში კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, ფლანგის ფეხბურთელებს კი ცენტრში შესვლა მოსწონთ. „მონაკო“ ჩემპიონობის პრეტენდენტია, ეს არის რთული მეტოქე, რომელსაც სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია“.

 

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მონაკოს“ მატჩი 8 თებერვალს, თბილისის დროით 00:05 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვამაყობ, რომ ასეთი ტრადიციების მქონე გუნდში ვითამაშებ“ - კალანდაძის ინტერვიუ ფეჰერვართან
„ვამაყობ, რომ ასეთი ტრადიციების მქონე გუნდში ვითამაშებ“ - კალანდაძის ინტერვიუ ფეჰერვართან