ინციდენტი ბრაუნთან - შენგელია ობრადოვიჩმა დააწყნარა
თორნიკე შენგელიას დიდი მცდელობისა და უმაღლეს დონეზე ასპარეზობის მიუხედავად, „ვირტუსი“ საკალათბურთო ევროლიგის გათამაშებაში ზედიზედ მესამე მარცხს ვერ გადაურჩა. ბოლონიელებმა საკუთარ დარბაზში ბელგრადის „პარტიზანთან“ 10-ქულიანი სხვაობით, 71:81 წააგეს. 20 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი გამარჯვებული გუნდის ამერიკელი ლიდერი სტერლინგ ბრაუნი გახდა, რომელმაც ყურადღება სხვა რამითაც მიიქცია.
ერთ-ერთ მომენტში ბრაუნი და მოწინააღმდეგე გუნდის ქართველი ლიდერი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და საქმეში სერბული გრანდის მთავარი მწვრთნელი ჟელკო ობრადოვიჩი რომ არ ჩარეულიყო, შესაძლოა ყველაფერი ფიზიკურ კონფლიქტში გადაზრდილიყო. როგორც იტალიური პრესა იუწყება, გაუგებრობა მცირე სათამაშო ეპიზოდმა გამოიწვია, რომლის დროსაც შენგელია თანაგუნდელს გამოექომაგა.
„პარტიზანთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, 7 მოგებითა და 18 წაგებით „ვირტუსი“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა. მომდევნო ტურში ბოლონიელები საფრანგეთის „პარიზს“ უმასპინძლებენ და მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.