„ვამაყობ, რომ ასეთი ტრადიციების მქონე გუნდში ვითამაშებ“ - კალანდაძის ინტერვიუ ფეჰერვართან
საქართველოს ნაკრების მცველმა, სანდრო კალანდაძემ უნგრულ „ფეჰერვარში“ გადასვლის შემდეგ კლუბის ოფიციალურ გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც კარიერის განვლილ ეტაპსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
სანდრო კალანდაძის ინტერვიუ:
რა ასაკიდან დაიწყეთ ფეხბურთის თამაში და რატომ აირჩიე სპორტის ეს სახეობა?
ფეხბურთის თამაში ექვსი წლის ასაკში დავიწყე, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ეს არ იყო პირველი სახეობა, რომელშიც თავი გამოვცადე. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ბავშვობაში ჭადრაკს ვთამაშობდი და საკმაოდ კარგიც ვიყავი, რამდენიმე ადგილობრივი ტურნირი მოვიგე. თუმცა, ბავშვობაში ოდნავ ჭარბწონიანი ვიყავი, რის გამოც ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთზე შევეყვანე. უნდოდათ მეთამაშა იმ იმედით, რომ წონას დავიკლებდი. ვიცი, ახლა ეს სასაცილოა, მაგრამ ეს მართლა ასე მოხდა. აღმოჩნდა, რომ არც ფეხბურთის მოედანზე ვყოფილვარ მოუხერხებელი და თუ შემომხედავთ, მიხვდებით, რომ წონაში ნამდვილად დავიკელი (იცინის).
ჭადრაკი არ გენატრებათ? ახლა თუ თამაშობთ?
დიახ, ხანდახან მაინც ვჯდები ჭადრაკის სათამაშოდ, მაგრამ ისეთი კარგი აღარ ვარ, როგორიც ბავშვობაში ვიყავი. დღესდღეობით, ჩემი დროის უმეტეს ნაწილს ფეხბურთი იკავებს.
ცოტა საქართველოზეც მოგვიყევი. რა უნდა ვიცოდეთ იმ ქვეყნის შესახებ, სადაც გაიზარდეთ?
საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა. ყველას ვურჩევ, ვინც ერთხელაც არ ყოფილა, რომ თუ შეძლებს, ჩემს ქვეყანას ესტუმროს, დარწმუნებული ვარ, იმედი არ გაგიცრუვდებათ. მე თბილისში გავიზარდე, რომელიც გარკვეულწილად არეული ქალაქიცაა, მაგრამ ძალიან მომწონს. იქ იმდენი ხალხი არ ცხოვრობს, რამდენიც ბუდაპეშტში, მაგრამ განსაკუთრებული ქალაქია. ცხადია, ყველასთვის საკუთარი ქვეყანა ყველაზე ლამაზია, მაგრამ ნამდვილად მოვუწოდებ ყველას, რომ სიცოცხლეში ერთხელ მაინც ეწვიონ საქართველოს.
ბავშვობაში ვინ იყო თქვენი სამაგალითო ფეხბურთელი?
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კაკა იყო, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც მილანში თამაშობდა, მაგრამ მას მისაბაძს ვერ დავარქმევდი, რადგან მე მცელი ვარ, ის კი ფორვარდი. მაგრამ ფაქტია, რომ მისი თამაშების ყურება მიყვარდა და ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო.
საზღვარგარეთ პირველად 19 წლის ასაკში გადახვედით, უნგრეთში. როგორ გაჩნდა მაშინ დიოშგიორში თამაშის შესაძლებლობა?
ცოტა ხნით ადრე, სანამ დიოშგიორშიგადავიდოდი, უნგრეთში საქართველოს ნაკრებთან ერთად 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ჩავატარე. არ მიყვარს საკუთარი თავის ქება, მაგრამ ნაკრებში ნამდვილად კარგად გამოვედი, მაგალითად, უნგრეთს 4:2 მოვუგეთ. ვფიქრობ, ამ ტურნირმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემი კარიერის შემდგომ განვითარებაზე, დარწმუნებული ვარ, სწორედ მაშინ შემამჩნიეს დიოშგიორის წარმომადგენლებმა. საბედნიეროდ, გუნდში ჩემი ინტეგრაცია მარტივად მოხდა, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ დიოშგიორში საქართველოდან მარტო არ ჩამოვსულვარ. ჩემთან ერთად თბილისში ჩემი თანაგუნდელი, ომარაშვილიც ჩამოვიდა.
მაშინ ძირითადად სარეზერვო გუნდში თამაშობდი, თუმცა რამდენჯერმე პირველი გუნდის მატჩებშიც მოხვდი. როგორია თქვენი გამოცდილება უნგრეთის ჩემპიონატში?
მას შემდეგ თითქმის 5 წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ რამდენიმე ჩემი თანამემამულე წარსულში უნგრეთის ჩემპიონატში თამაშობდა, მაგალითად ბერიაშვილი, ან ზივზივაძე, მას ეროვნული ნაკრებიდან ვიცნობ. უნგრეთის ჩემპიონატი ყველამ შეაქო, ფიზიკურად ძლიერი ლიგაა, რომელიც ჩემნაირი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის იდეალურია, აქ ბევრი კომპონენტის განვითარება შემიძლია.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მიუნხენის ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი, ვილი სანიოლია და მისი ხელმძღვანელობით თქვენ ეროვნულ გუნდში დებიუტი გქონდათ. როგორი ადამიანია ვილი და როგორ იხსენებ შენს პირველ სანაკრებო მატჩს?
სანიოლს ძალიან კარგ მწვრთნელად მივიჩნევ და მუდამ მადლობელი ვიქნები, რომ მენდო და ჩემი ქვეყნის ნაკრებში თამაშის საშუალება მომცა. ის დიდ აქცენტს აკეთებს დაცვაში რაც შეიძლება მეტ სტაბილურობაზე. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვითი გუნდია. ეს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი წარმატების ერთ-ერთი გასაღები იყო, რადგან ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ჩვენი ქვეყნისთვის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ნამდვილად წარმატებული შედეგია. არასოდეს დამავიწყდება ეროვნულ ნაკრებში ჩემი პირველი მატჩი, ეს ნორვეგიასთან მოხდა და ერლინგ ჰოლანდის სათამაშო უნარები და ფიზიკური ძალა ახლოდან ვნახე. სიმართლე გითხრათ, ის ტერმინატორია, თუ მოინდომებს, კედლების გავლაც შეუძლია. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო, მაგრამ ამავე დროს დიდი გამოცდილებაც.
რა გეგმები გაქვთ ფეჰერვარში?
პირველ რიგში, ძალიან ამაყი ვარ, რომ მომავალში ასეთი დიდი ტრადიციების მქონე კლუბის მაისურის ტარება შემეძლება. მსურს ვარჯიშებზე თავი ისე წარმოვაჩინო, რომ გუნდში მოხვედრა შევძლო და შემდეგ, როდესაც მოედანზე ვიქნები, კლუბისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები.
უკვე მოასწარით ქალაქის გაცნობა?
დიახ, ძალიან მეგობრული ქალაქია, უზარმაზარი ცენტრით. მომწონს სიწყნარე და სიმშვიდე, რომელიც ამ ქალაქს ახასიათებს. ჯერჯერობით, აქ მამაჩემთან ერთად გადმოვედი და მარტო არ ვარ, მაგრამ თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მაინც დასვენებაში და ძილში ვატარებ. მამას ფეხბურთი არასდროს უთამაშია, მაგრამ ფეხბურთისთვის ცოცხლობს და მოკვდება, მას ეს სპორტი უბრალოდ ძალიან უყვარს. ამიტომ მინიმუმ მხოლოდ მისთვის მინდა, რომ ფეჰერვარში რაც შეიძლება კარგად გამოვიდე, რათა ჩემით იამაყოს.
სანდრო კალანდაძე „ფეჰერვარში“ თავდაპირველად იჯარის წესით ითამაშებს, სეზონის დასრულების შემდეგ კი კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. 23 წლის მცველი ამ დრომდე თბილისის „დინამოს“ საკუთრებაა.
სანდროსთვის უნგრული ფეხბურთი უცხო არაა, 2020-21 წლების სეზონში იჯარით „დიოშგიორში“ თამაშობდა, თუმცა პირველ გუნდში შანსი მხოლოდ სათასო მატჩში მისცეს, ოფიციალურ მატჩებს კი მეორე გუნდში ატარებდა.