„საუდის არაბეთიდან დიდი ინტერესია, მამარდაშვილი კი...“ - ცნობილი ჟურნალისტი მამარდაზე და ალისონზე
ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ჯეიმს პირსმა მომავალ სეზონში „ლივერპულის“ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის მეკარის, ალისონ ბეკერის შეძენით საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გუნდი არის დაინტერესებული.
პირსი აღნიშნავს, რომ კლუბის წარმომადგენლები ბრაზილიელი მეკარის გარემოცვასთან აქტიურ კავშირზე არიან და ალისონს გრანდიოზულ კონტრაქტს სთავაზობენ. მისივე თქმით, დიდი ალბათობით ბრაზილიელი „ლივერპულს“ დატოვებს, მის მემკვიდრეობას კი გიორგი მამარდაშვილი გადაიბარებს, რომელიც ინგლისურმა კლუბმა გასულ ზაფხულს შეიძინა.
რას ამბობს ჯეიმს პირსი:
„ალისონი რამდენჯერმე გამოვიდა და თქვა, რომ გუნდის დატოვება მის გეგმებში არ შედიოდა და კლუბთან ახალ კონტრაქტზე აპირებდა დალაპარაკებას. მას ხელშეკრულება კიდევ ორი წლით აკავშირებს, მაგრამ შესაძლოა, გუნდი მომავალ ზაფხულს მაინც დატოვოს. ყველაზე კარგ შემთხვევაში, ის კიდევ ერთი წლით დარჩება, მაგრამ ამის შანსი მინიმალურია“.
„ლივერპულმა მამარდაშვილის შეძენით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ პოზიციას, რომ კლუბში მათ ახალი მემკვიდრეობის დანერგვა სურს. ასევე, მითხრეს, რომ ალისონს ბოლო ორი წლის განმავლობაში საუდის პრო ლიგიდან დიდი ინტერესი ჰქონდა და ამით, ლივერპულმა გარკვეულწილად თავიც დაიზღვია და მაღალი დონის პროგრესირებადი მეკარე დაიმატა“.
„არავინ იცის რა მოხდება ალისონის გარშემო. ის ყოველ ჯერზე იძახის, რომ გუნდში დარჩენა უნდა და შეთავაზებებზე უარს ამბობს, მაგრამ არავინ იცის, როგორი შეთავაზება იქნება ზაფხულში. შესაძლოა, ეს შეთავაზება უფრო შორსაც წავიდეს, ან პირიქით. მაგრამ მჯერა, რომ ახლა დამშვიდობება მის გეგმებში ნამდვილად არ შედის“.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიადან“ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და იჯარის წესით 1 სეზონით კვლავ „ღამურებში“ დატოვა. ქართველი მეკარე მერსისაიდულ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.