თანაგუნდელებმა თამაშის დროს გაიგეს - ბატლერის წასვლის დეტალები
ჯიმი ბატლერის ირგვლივ ბოლო დროს ატეხილ აურზაურს წერტილი დაესვა, რითაც როგორც ჩანს, ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა. 35 წლისა და 201 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე კალათბურთელი „გოლდენ სტეიტში“ გადავიდა, სანაცვლოდ კი „მაიამიმ“ ენდიური უიგინსი, პი ჯეი ტაკერი და კაილ ანდერსონი მიიღო. ვეტერანი კალათბურთელი წლების განმავლობაში „ჰიტის“ ფანების საყვარელი მოთამაშე იყო, თუმცა ბოლო დროს კლუბის ხელმძღვანელებთან ურთიერთობა დაეძაბა, რის გამოც მის მიმართ დამოკიდებულება ბევრ ქომაგსაც შეეცვალა.
„მაიამის“ ფან-კლუბის ერთ-ერთი ლიდერი ბატლერის წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გარიგება როგორც ჯიმისთვის, ასევე ფლორიდული კლუბისთის შექმნილი რთული სიტუაციიდან იდეალური გამოსავალი იყო, რადგან მისი აზრით უიგინსი საკმაოდ მაღალი დონის მცველია, თანაც ასაკით ბატლერზე გაცილებით უმცროსია და ნებისმიერი გუნდის ტაქტიკურ სქემაში იდეალურად ჯდება.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში ბატლერს „მაიამის“ შეფების გარდა, კონტაქტი თანაგუნდელებთანაც გაწყვეტილი ჰქონდა. ამის დასტური „ჰიტის“ ბოლო მატჩია, როდესაც თადარიგში მსხდომ ფლორიდის გუნდის კალათბურთელებს ჯიმის წასვლის შესახებ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა შეატყობინა, რომელმაც ინფორმაცია ინტერნეტში ნახა.