„მერაბი სამ რაუნდსაც ვერ გამიძლებს!“ - ვინისიუს ოლივეირა „მანქანას“ ემუქრება
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ვინისიუს ოლივეირამ Ariel Helwani Show-ში სტუმრობისას ამავე წონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი გამოიწვია და განაცხადა, რომ „მანქანას“ დამარცხებაში დარწმუნებულია. ვინისიუსის თქმით, ის ყველა კომპონენტში მერაბზე უკეთესი მებრძოლია.
რას ამბობს ოლივეირა:
„პირველ რიგში, მას მიწაზე გადავიყვან და დავამტკიცებ, რომ იქაც მასზე უკეთესი ვარ. რა თქმა უნდა, ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ, მას მიწიდან არც ავაყენებ უბრალოდ იმის გამო, რათა დავამტკიცო, რომ იქ მასზე უკეთესი ვარ. შემდეგ კი ნოკდაუნში გავუშვებ, რადგან სწორედ ეს არის ჩემი სტილი, ამას ვერ გავექცევით. მე სტრაიკერი ვარ და ამავდროულად შესანიშნავი კრივიც მაქვს. ასევე ბრწყინვალედ ვფლობ მუაი ტაის, მაგრამ კარგადაც ვჭიდაობ, კარგი ჯიუ-ჯიცუ მაქვს“.
„ეს ბრძოლა აუცილებლად მოხდება და როგორი იქნება ჩემი პროგნოზი? ის სამ რაუნდსაც ვერ გამიძლებს. მალე დაიღლება, რადგან ჩემს ზეწოლას ვერ გაუძლებს, ყველა მებრძოლთან ასე ხდება. მისი ამჟამინდელი მეტოქეებიდან ჩემს მსგავს ზეწოლას ვერავინ ახდენს, რადგან ყველას თეიქდაუნის ეშინია, მე კი პირიქით, ისეთ ზეწოლას მოვახდენ, როგორიც აქამდე არ უნახავს, ის კი უბრალოდ გაიქცევა, რადგან მე პირისპირ ვერ დამიდგება. შემდეგ კი როდესაც ჩემს მიწაზე გადაყვანას მოინდომებს, ამას ვერ შეძლებს, რადგან ჩემი დაცვა დაუმარცხებელი იქნება“.
ცნობისთვის, ვინისიუს ოლივეირამ გასულ უქმეებზე UFC Fight Night-ზე საიდ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ბრაზილიელმა მებრძოლმა მომდევნო მეტოქედ უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია და იმედი აქვს, რომ რუსთან გამარჯვების შემთხვევაში სატიტულო ბრძოლას მიიღებს. MMA-ში ოლივეირას რეკორდი 22 მოგება და 3 მარცხია.