მენდიეტა: მამარდაშვილი გუნდში ყველაზე თანმიმდევრული მოთამაშეა
ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა გაისკა მენდიეტამ, თავისი ყოფილი გუნდების დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. 7 თებერვალს (00:30) ესპანეთის თასის 1/4-ფინალში „ვალენსია“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს.
„ბარსას რომელ ფეხბურთელებში ვხედავ საკუთარ თავს? დღევანდელ გუნდში მე ვიქნებოდი პედრის, კასადოსა და შესაძლოა ცოტათი გავის ნაზავი. სამივენი ნიჭიერი ნახევარმცველები არიან, მოედნის კარგი ხედვით, საჯარიმოში მოქმედების კარგი უნარით, შესანიშნავი ფიზიკური მახასიათებლებით, რაც თამაშის დროს მეც მქონდა. ვალენსიას შუა ხაზში კი ხავი გუერასა და ბარენეჩეას გამოვყოფდი, რომლებსაც შეტევაში დიდი არსენალი აქვთ.
ვფიქრობ, ბარსა 3:2-ს მოიგებს. იამალი, ლევანდოვსკი და რაფინია გაიტანენ. ვალენსიას მხრიდან უგო დურო და ხავი გუერა.
ვის ვთვლი გუნდებში ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფეხბურთელებად? ვალენსიაში პირველ რიგში გიორგი მამარდაშვილს გამოვყოფ. ის ყველაზე თანმიმდევრული მოთამაშეა, გუნდის სტაბილურობის გასაღები.
რაც შეეხება ბარსას, იამალს დავასახელებ. რასაც ის 17 წლის ასაკში აკეთებს, ეს წარმოუდგენელია. მას აქვს ხარისხი, თავდაჯერებულობა და სისწრაფე, რაც მისი ასაკიდან გამომდინარე ნორმალური არ არის. თუ ასე გააგრძელებს, მის ნიჭს საზღვარი არ აქვს“,
- ციტირებს მენდიეტას სიტყვებს europapress-ი.
მენდიეტამ ასევე დაასახელა მატჩი, რომელსაც თავისი კარიერიდან დიდი სიამოვნებით გაიმეორებდა:
„რომელ მატჩს გავიმეორებდი ჩემი კარიერიდან? როცა ვალენსიას რიგებში კამპ ნოუზე ჩავედით და ბარსას საჯარიმოს გარედან გავუტანე. ეს არის გოლი, რომლის გატანაზეც ყველა ბავშვი და ფეხბურთელი ოცნებობს“.
აქვე გეტყვით, რომ გაისკა მენდიეტა „ვალენსიას“ ღირსებას 1993-2001 წლებში იცავდა. შემდეგ 2001-2004 წლებში „ლაციოს“ საკუთრებაში იყო, 2002-2003 წლებში ერთი სეზონით იჯარით „ბარსელონაში“ გადავიდა. კარიერა კი 2004-2008 წლებში „მიდლსბროში“ დაასრულა.
ბილბაოში დაბადებული ბასკი ნახევარმცველი ყოველთვის „ვალენსიასთან“ ასოცირდებოდა. მენდიეტას კარიერის პიკი სწორედ „ღამურებს“ უკავშირდება.