„მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ“ | ნაპოლის სპორტული დირექტორი კვარაზე
„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ პრესკონფერენცია გამართა. „პარტენოპეის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს შეკითხვები ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერის თაობაზე დაუსვეს და მანამ „კვარაზე“ ვრცლად ისაუბრა.
„ხვიჩას მადლობას ვუხდით ყველაფრისთვის, რაც ნაპოლისთვის, ქალაქისთვის და გულშემატკივრებისთვის გააკეთა. ვეცადეთ, გართულებული მდგომარეობა ივლისში, ნოემბერსა და დეკემბერში გამოგვესწორებინა. საბოლოოდ, იანვარში, იძულებული გავხდით, გაგვეყიდა და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ. შანტაჟი არ ყოფილა, მაგრამ კინაღამ საქმე აქამდეც მივიდა.
არაა სიმართლე, რომ ამ გარიგებით ფინანსური ანგარიშების დაბალანსება გვინდოდა. ტრანსფერამდე 20 დღით ადრე, კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვისაუბრეთ. სატრანსფერო ბაზრის დინამიკამ და ფეხბურთელის სურვილმა, მიგვიყვანა ამ შედეგამდე. ნაპოლიმ მისი სათანადოდ ჩანაცვლება სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ.
კვარაცხელია პსჟ-ში? ეს თემა გასული წლის მაისში დაიწყო. რამდენიმე წინადადება მივიღეთ და შემდეგ, ორი ფეხბურთელის, კვარასა და ოსიმენის თაობაზე მოგვივიდა შეთავაზება. არ გვინდოდა, რთული სეზონის შემდეგ, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი დაგვეკარგა. გვინდოდა, მისი შენარჩუნება ძლიერი სიგნალი ყოფილიყო, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. პარი სენ-ჟერმენთან კონტაქტი თვეების განმავლობაში გვქონდა, რაც ნორმალურია, ეს ფეხბურთისა და სატრანსფერო ფანჯრის ნაწილია.
კვარასგან შანტაჟი? გასულ წლებში, ნამდვილად შეგვეძლო მასთან ხელშეკრულება გაგვეხანგრძლივებინა და გრძელვადიანი კონტრაქტი გაგვეფორმებინა, რაც დაგვიცავდა არასაფეხბურთო ვითარებისგან, რომელიც შეიქმნა და რომელმაც მისი გაყიდვა გვაიძულა. როცა ადამიანს წასვლა უნდა, რთულია, ის დარჩენაში დაარწმუნო. შეგიძლია, ერთხელ ან ორჯერ სცადო, მაგრამ თუ არაფერი გამოვა, რატომ უნდა დაიტოვო ფეხბურთელი, რომელსაც შენს გუნდში ყოფნა არ სურს? რატომ? აუცილებელია ნაპოლის ყველა მოთამაშეს გუნდში ყოფნა უნდოდეს. მათ სურვილი უნდა ჰქონდეთ, რომ ყოველდღე მსხვერპლი გაიღონ, თავდაუზოგავად იმუშაონ და მწვრთნელის მითითებებს მიჰყვნენ.
ღირებულებები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. თუ მოტივაცია გაკლია, აზრი არ აქვს ისწრაფოდე მიზნებისკენ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ვერაფერს მოგცემენ. მათი გაშვება უკეთესია. არავის არაფერს ვაიძულებ. მისი შენარჩუნება გვინდოდა, მაგრამ თუ ცოლსა და ქმარს ერთმანეთი აღარ უყვართ, შორდებიან, სხვა გზა არ არსებობს. თუ ფეხბურთელს ნეაპოლში დარჩენა არ უნდა და შეთავაზება მოაქვს, დინამიკა იცვლება.
ყველაფერი ვცადეთ და მწვრთნელმა მაქსიმუმი გააკეთა. პრეზენტაციისას, მან კვარაცხელიაზე კარგი რაღაცები თქვა, ფეხბურთელი კი გუნდში დარჩა და მზადყოფნა გამოხატა. ამის შემდეგ, ალბათ არ გააკეთა ის, რაზეც შევთანხმდით. საკუთარ თავს ვერაფერში დავადანაშაულებთ. მას წასვლა უნდოდა და წავიდა“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ 2029 წლის ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა და 3 მატჩის ჩატარება მოასწრო. მის ანგარიშზე 1 შედეგიანი გადაცემაა.