ალექსანდრე თოფურია: „თუ გალიაში ომი მომიწევს, ამისთვისაც მზად ვარ“
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ, რომელიც UFC-ში სადებიუტო ჩხუბისთვის ემზადება, Sport-სთან ინტერვიუში მოსამზადებელ პროცესზე და თავის მეტოქეზე, კოლბი თიქნესზე ისაუბრა.
ალექსანდრე თოფურია:
თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მომეცა ასეთი შესაძლებლობა - ვემზადები ჩემს გუნდთან, ჩემს ახლო გარემოცვასთან ერთად. პროფესიონალების გუნდი გვყავს, ამიტომ წონის კლებაც კარგად მიდის.
კოდი ჰადონთან ჩხუბი უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე დებიუტანტ კოლბი თიქნესთან? არასოდეს იცი, რა იქნება უფრო რთული. მოცემულობა ასეთია, რომ კოლბი თიქნესს ვეჩხუბები - ესაა ჩემი ამოცანა. თიქნესს წაგება არ აქვს, ისიც დებიუტანტია UFC-ში, ამიტომ მინდა მივულოცო მას კონტრაქტის გაფორმება.
როგორ ჩხუბს ველოდები? ვფიქრობ, ის შეეცდება, პარტერში გადამიყვანოს, თუმცა მცდელობასა და შედეგს შორის დიდი გზაა. ვიმუშავებ თუ არა დაფინიშებაზე? რა თქმა უნდა. თუ ჩემს ბოლო ბრძოლებს გადახედავთ, ფინიშებით ვიგებ, მაგრამ არსად ვჩქარობ. თუ იქნება დაფინიშების შესაძლებლობა, ამას ვიზამ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს საქმეს გავაგრძელებ. თუ გალიაში ომი მომიწევს, ამისთვის მზად ვარ.
2024 წელს თიქნესმა ოთხი ბრძოლა მოიგო, მე კი თითქმის ორი წელი არ მიჩხუბია? თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, იფიქროს. მე ეს არ მაინტერესებს, ამაზე ფიქრის დრო არ მაქვს. მართალია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ვჩხუბობდი, სამაგიეროდ ახლა ოჯახში ჩემპიონის ტიტული და ერთი წარმატებული დაცვა გვაქვს. წარსულზე საუბრის ნაცვლად, სჯობს ვისაუბროთ იმაზე, თუ სად ვარ ახლა და რა მიზანი მაქვს.
მე და კოლბი ოქტაგონზე, ილია და ვოლკი კი სეკუნდანტებად? ყველა ამაზე მეკითხება, თუმცა მე არ ვაქცევ ყურადღებას იმას, რაც გალიის მიღმა ხდება. ვოლკანოვსკის დიდ პატივს ვცემ, როგორც ადამიანს და სპორტსმენს, ერთ დროს ის და ილია მეტოქეები იყვნენ, თუმცა ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - კოლბის უნდა ვეჩხუბო და ესაა მთავარი.
რას ნიშნავს ჩემთვის ორი ქვეყნის სახელით ასპარეზობა? ამით ძალიან ბედნიერი ვარ. საკმარისად დიდი გული მაქვს იმისთვის, რომ ორივე ქვეყანა მიყვარდეს. გურამ ქუთათელაძე და მერაბ დვალიშვილი არა უბრალოდ სპარინგ-პარტნიორები, არამედ ჩემი ძმები არიან. მადლობა ღმერთს, რომ ისინი ჩემ გვერდით არიან. მერაბის და გურამის გარდა არიან სხვა ადამიანებიც, რომლებსაც არავინ იცნობს, მაგრამ ჩემთვის ჩემი გუნდი ძალიან ბევრს ნიშნავს“.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლას 9 თებერვალს გამართავს. მისი მეტოქე ალექსანდრ ვოლკანოვსკის სპარინგ-პარტნიორი, 25 წლის კოლბი თიქნესი (7-0) გახლავთ.