ილია თოფურია, ხამზატ ჩიმაევი, ისლამ მახაჩევი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„თოფურია VS. მახაჩევი? ფსონს ილიაზე ვდებ, მისი დიდი გულშემატკივარი ვარ“ - დუ პლესი

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, დრიკუს დუ პლესიმ, რომელიც შონ სტრიკლენდთან ჩხუბში ქამრის დაცვისთვის ემზადება, Marca-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ილია თოფურიაზე, ისლამ მახაჩევზე, ხამზატ ჩიმაევზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

- რას ფიქრობ ილია თოფურიაზე?

- ილიას დიდი გულშემატკივარი ვარ. ჩემი აზრით, ის UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. UFC-ში დებიუტი ერთ ქარდზე გვქონდა, მას შემდეგ ერთნაირი რაოდენობის ჩხუბი გავმართეთ, შევედით საუკეთესო ათეულში, შემდეგ ხუთეულში... დროის ერთთვიან მონაკვეთში გავხდით ჩემპიონები და ქამრების დაცვაც მოვასწარით. ილია დიდი ჩემპიონია, სპორტისთვის მას დიდი სარგებელი მოაქვს.

- შეუძლია ორი წონის ჩემპიონი გახდეს?

- რა თქმა უნდა. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ამის გაკეთება შეუძლია. თოფურია VS. მახაჩევი? ეს შესანიშნავი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩემს ფსონს ილიაზე დავდებ.

- დაუმარცხებელი მებრძოლი ხარ. როგორ ფიქრობ, როგორია შენი ზღვარი?

- მინდა დავიცვა საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის შესაძლებლობა მექნება. მინდა ორი წონის ჩემპიონობაც. მინდა, საშუალო წონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლად მაღიარონ. ახლა ჩემი უპირველესი პრიორიტეტი ტიტულის დაცვაა, გარკვეული დროის შემდეგ კი ერთი წონით ზემოთ ასვლა და იქ ჩემპიონობის მოპოვება მსურს.

- ხამზატ ჩიმაევთან პოტენციურ ბრძოლაზე რას ფიქრობ?

- მისი პრობლემა ისაა, რომ ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ჩემთან ჩხუბი უწევს. მას შეუძლია ქვესაშუალო წონით დივიზიონის ჩემპიონი გახდეს, მაგრამ საშუალო წონაში ჩემპიონი ვერ გახდება. ამას არ დავუშვებ. ვფიქრობ, ის შემდეგი კონტენდერი იქნება. ჩიმაევი ამას იმსახურებს, ის ძალიან კარგი მებრძოლია. რობერტ უიტეკერის დამარცხება შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მე ყველაფრისთვის ვარ მზად.

ცნობისთვის, დუ პლესის და სტრიკლენდის დაპირისპირება 9 თებერვალს, UFC 312-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეორე ქამრის დასაკუთრება მინდა“ | პანტოჟას მიზანი ორი წონის ჩემპიონობაა
„მეორე ქამრის დასაკუთრება მინდა“ | პანტოჟას მიზანი ორი წონის ჩემპიონობაა