„€70 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელი არ ჩქარობს...“- რას წერს Le Parisien-ი კვარაზე
Le Parisien-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს და პსჟ-ს შემადგენლობაში მის მიერ ჩატარებულ სამივე მატჩს აფასებს.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის შეფასებით, ქართველი ფეხბურთელი თავის შესაძლებლობებს ნელა აჩვენებს.
რას წერს Le Parisien:
„ლუის ენრიკემ კვარა სასტარტო შემადგენლობაში სამივეჯერ დააყენა, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა „ლე მანთან“ მატჩში თავი ვერ გამოიჩინა. „ბრესტთან“ თამაშამდე 1 კვირით ადრე, მან პარიზელების თავდამსხმელების იერარქიაში თავი ჯერ კიდევ ვერ დაიმკვიდრა“.
„ჯერ კიდევ მოგვიწევს ცოტა ლოდინი, სანამ ხვიჩა კვარაცხელია გოლის გატანას იზეიმებს. მისი დებიუტი პსჟ-ში იმედის მომცემი იყო - 25 იანვარს მან უსმან დემბელეს საგოლე პასი გადასცა. „მე გავაგრძელებ მუშაობას, რათა ფორმაში ვიყო“, - თქვა მაშინ კვარამ და ამით აღიარა, რომ მას თავისი ფიზიკური შესაძლებლობების პიკისთვის ჯერ არ მოუღწევია“.
„ასეთი არც თუ ისე კარგი თამაშის შემდეგ, რთული წარმოსადგენია, რომ ლუის ენრიკე კვარაცხელიას გამო, იერარქიაში ცვლილებებს შეიტანს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა შესანიშნავად ითამაშეს პარიზელთა თავდამსხმელებმა ბოლო კვირების განმავლობაში“.
„ის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია, ძალიან ძლიერია ერთი ერთზე თამაშში და მარტივად იცილებს მეტოქეს“, - გვითხრა ოლივიე ჟირუმ კვარაცხელიაზე, თუმცა „ლე მანთან“ მატჩისას ეს არ ყოფილა. 70 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელი არ ჩქარობს, რომ საკუთარი შესაძლებლობები აჩვენოს. თუმცა კლუბში ყველამ იცის, რომ კვარას რამდენიმე კვირა დასჭირდება, რათა ლუის ენრიკეს ტაქტიკას მოერგოს“.
შეგახსენებთ, რომ არი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალში, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა „ლე მანი“ სტუმრად 2:0 დაამარცხა.
საინტერესოა, რომ ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და მისი ასპარეზობა 8.1 ქულით შეაფასა.