10-მილიონიანი შეთავაზება ემპოლის | გალათასარაის გოგლიჩიძის ყიდვა სურს
იტალიაში, ისევე როგორც ევროპული ქვეყნების უმეტესობაში, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, თუმცა, რამდენიმე ქვეყანაში კლუბებს ტრანსფერების განხორციელების საშუალება ჯერ კიდევ აქვთ და ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა თურქეთიცაა.
თურქულ კლუბებს ტრანსფერების განხორციელება 11 თებერვლამდე შეუძლიათ და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ამ მხრივ „გალათასარაია“.
გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ლომები“ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე მუშაობენ.
რას წერს დი მარციო:
„გალათასარაის“ გოგლიჩიძს ყიდვა სურს და ამ საკითხზე თურქულ კლუბსა და „ემპოლის“ შორის კონტაქტიც შედგა. ტოსკანურმა კლუბმა საბას ტრანსფერზე თურქების €10-მილიონიან წინადადებას უარით უპასუხა.
ამის ერთ-ერთი მიზეზიც ისაა, რომ გოგლიჩიძის წასვლის შემთხვევაში რობერტო დ’ავერსას მისი შემცვლელის ძებნა მოუწევს თავისუფალი აგენტების ბაზარზე, ან ისეთ ქვეყნებში, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა (ნიდერლანდები, ბრაზილია, საუდის არაბეთი, აშშ).
რამდენიმე დღის წინ „გალათასარაიმ“ „მილანიდან“ იჯარით ალვარო მორატა დაიმატა და არაა გამორიცხული, 11 თებერვლადმე საბა გოგლიჩიძის ირგვლივ სიტუაცია შეიცვალოს“.
შეგახსენებთ, რომ იანვარში იტალიური პრესა აქტიურად წერდა გოგლიჩიძის მიმართ „რომას“, „იუვენტუსის“, „რომას“ და „ატალანტას“ ინტერესის თაობაზე. საბას წარმომადგენლები ტრანსფერის საკითხზე მოლაპარაკებებს მართავდნენ, ყველაზე საგრძნობ პროგრესს „რომამ“ მიაღწია, თუმცა საბოლოო ჯამში გოგლიჩიძე „ემპოლიში“ დარჩა, „ჯალოროსიმ“ კი „გალათასარაიდან“ იჯარით ვიქტორ ნელსონი დაიმატა.