„საშუალო დონის თამაში“ | როგორ გამოეხმაურა ფრანგული პრესა კვარას მესამე მატჩს პსჟ-ში
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალში, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა „ლე მანი“ სტუმრად 2:0 დაამარცხა და ფრანგულმა პრესამ „კვარას“ თამაში შეაფასა.
Maxifoot: „პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელის საშუალო გამოსვლა. იყო მომენტები, როცა ინდივიდუალური მცდელობების წყალობით, ქართველი გარემარბი ჩაძინებულ პარი სენ-ჟერმენს აღვიძებდა. კვარაცხელიამ ორი კარგი გადაცემა გააკეთა და პასები მაიულუსა და ჰაკიმის მისცა. მაიულუმ ცუდად დაარტყა, ჰაკიმის მეკარემ აუღო. კვარაცხელიასგან მეტს ველოდებით“.
90Min: „ხშირად რჩებოდა მეტოქე გუნდის მცველებს უკან. ქართველი ფეხბურთელი სიტუაციას ამწვავებდა, მოწინააღმდეგეებს ატყუებდა და ცდილობდა, დაერტყა. მაიულუს კარგი პასი მისცა, მაგრამ მისი გადაცემა ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, პარიზელთა ახალწვეულმა ჰაკიმის საოცარი გადაცემა გაუკეთა, თუმცა, აშრაფს მეკარემ აჯობა. ლე მანის მცველები მის წინააღმდეგ სოლიდურად თამაშობდნენ და კვარაცხელიას განსხვავების შექმნა უფრო და უფრო უჭირდა“.
Parisfans: „საშუალო პერფორმანსი. გუნდის რიტმი ჯერ ვერ შეიგრძნო და ფიზიკურად მზად არაა. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე მზად ჯერ არაა“.
Le Figaro: „მართალია, საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში, თამაშში იყო ჩართული. იმის ფონზე, რომ მისი გუნდი პირველ ტაიმში მიძინებული იყო, კვარაცხელია სიტუაციის გამწვავებას ცდილობდა და საკუთარი ფლანგიდან სახიფათო მომენტები შექმნა. ბურთს 81-ჯერ შეეხო და დაკარგვები ჰქონდა, მაგრამ არის ბევრი რაღაც, რის დამახსოვრებაც ხვიჩას მესამე თამაშიდან შეგვიძლია: შეუპოვრობა, კონკურენტუნარიანობა, ტექნიკურობა და კარგი კავშირი ნახევარმცველებთან. ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი საკუთარ ადგილს ნელ-ნელა პოულობს და ათამაშდება, რის შემდეგაც გუნდში მნიშვნელოვანი როლი ექნება“.
საინტერესოა, რომ ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და მისი ასპარეზობა 8.1 ქულით შეაფასა. როგორც ჩანს, ფრანგული გამოცემები Sofascore-ის პოზიციას ბოლომდე არ იზიარებენ...