ჰაკიმი მეკარესთან პირისპირ დატოვა | კვარას გამარჯვება საფრანგეთის თასზე
საფრანგეთის თასის მერვედფინალში „ლე მანმა’’ პსჟ მიიღო, 0:2 დამარცხდა და პარიზული გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა. გოლები დუესა და ბარკოლას ანგარიშზეა.
პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კვარაცხელია კვლავ სასტარტოში დააყენა, შეუცვლელად ათამაშა. ხვიჩას თამაშს სიმწვავე აკლდა განსხვავებით ბარკოლასგან, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა და მეორე გოლი გაიტანა. ხვიჩა უფრო აქტიურად უნდა მოქმედებდეს, უფრო მწვავედ უტევდეს, უფრო ხშირად მიდიოდეს კაცის მოტყუებაზე, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მოცემული რეალობა, ახალ გუნდთან ადაპტაციის პროცესშია და თავიდანვე ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება.
კვარაცხელიას თამაშიდან ყველაზე მეტად ის ეპიზოდია გამოსაყოფი, როცა 72-ე წუთზე ჰაკიმი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა მაროკოელმა გოლის გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
23 წლის ქართველმა ვარსკვლავმა ფრანგულ კლუბში მესამედ ითამაშა, სამივე მატჩი სასტარტოდან დაიწყო, ლიგა 1-ში ორ შეხვედრაში 1 საგოლე პასი შეასრულა.
პსჟ შემდეგ მატჩს საფრანგეთის ლიგა 1-ში „მონაკოს’’ წინააღმდეგ შინ ჩაატარებს (8 თებერვალი, 00:05), შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტს’’ მიიღებს (11 თებერვალი, 21:45).