კილიან მბაპე, კარლო ანჩელოტი, ტონი კროოსი, ფედე ვალვერდე
Aa Aa

Fake Run-ები და დაკარგული „ორმაგი პლუს-ერთი“ | რა სჭირს რეალს?

თუ, ფეხბურთი გიყვარს, მადრიდის „რეალის“ შესახებ უნდა იცოდე. თუ, თვლი, რომ ფეხბურთი კარგად გესმის, მადრიდის „რეალის“ მიმართ პატივისცემა უნდა გქონდეს. თუ, მადრიდის „რეალის“ ქომაგი ხარ, ფეხბურთისგან სიამოვნებას უნდა იღებდე.

ეს გუნდი 2024/25 წლების სეზონში გულშემატკივრებს გაორებულ შთაბეჭდილებას უტოვებს - მოლოდინი ძალიან დიდია, შეტევაში საოცარი სახელები გვხვდება, მაგრამ თავდაცვით ფაზაში „სამეფო კლუბის“ თამაში ძალიან სუსტია, რაც მთლიან სათამაშო სისტემაზე გავლენას ახდენს და ანჩელოტის საათივით აწყობილი მექანიზმი უკვე ბევრჯერ შეაჩერეს.

რა გახდა ამის მიზეზი? ტრავმები? დიახ, ტრავმებს მადრიდელთა თამაშზე ძალიან დიდი გავლენა აქვს და როდესაც ძირითადის 5-6 მოთამაშე გაკლდება, ბუნებრივია შენი თამაშის ხარისხი გაუარესდება.

მაგრამ - რა მოხდა ტრავმებამდე? რატომ მოიშალა მადრიდელთა სისტემა? რა შეცდომები დაუშვა ანჩელოტიმ? „ლოს ბლანკოსის“ ჩამოშლა ტონი კროოსის წასვლით იწყება, რასაც დომინოს პრინციპით ყველაფრის დანგრევა მოჰყვა.

სანამ მომდევნო კვირაში Youtube-ზე „ცრუ ცხრიანის“ ახალი ეპიზოდი დაიდება, იქამდე მადრიდელთა მიმდინარე სეზონზე ტაქტიკურ ანალიზს შემოგთავაზებთ.

მოუმზადებელი გადასვლა - 4-4-2-დან 4-3-3-ზე

მიმდინარე სეზონის წინ, „რეალმა“ ტონი კროოსი დაკარგა და კილიან მბაპე დაიმატა. ანჩელოტიმ გუნდი 4-3-3 სქემას დაუბრუნა და აქცენტი უფრო შემტევ სტილზე გააკეთა.

იყო მოლოდინები, რომ ვინისიუსი-მბაპე-როდრიგო-ბელინგემის ოთხეულს ევროპაში ვერავინ შეაჩერებდა, მაგრამ ფეხბურთი გუნდური სპორტია და თუ კოლექტიურად არ ითამაშე, თავი სწორად არ დაიცავი, არ აქვს მნიშვნელობა შეტევაში რამდენი ვარსკვლავი გყავს - შენ ძალიან ჩვეულებრივად დაგამარცხებენ.

ჯერ მინდა განახოთ, როგორ იცავდა გასული სეზონის „რეალი“ თავს. როგორ ამოდიოდნენ კონტრ-შეტევებზე. 4-4-2 სქემა, სტუმრობა მანჩესტერში „სიტისთან“, მილიტაოსა და ჩუამენის გარეშე.

ხედავთ, თუ რამდენად მჭიდროდ იცავს თავს „რეალი“. ფლანგი დაკეტილი აქვთ, 3-კაციანი მეურვეობა პლუს ახლომდებარე სივრცეებიც დაზღვეულია და „სიტი“ იძულებულია უკან დაიხიოს. საპირისპირო ფლანგზეც იგივე ხდება.

ახლა დააკვირდით „სიტის“ ზეწოლის დროს სად დგანან კამავინგა და ვალვერდე, რამდენად ღრმად არიან ჩაწეული, რომ მცველებს მაქსიმალურად დაეხმარონ. და  ხედავთ, ბურთს „რეალი“ იბრუნებს, კონტრ-შეტევა იწყება, წამში ორივე მათგანი შეტევაშია და სივრცეს უტევს, რომელსაც მალე ითვისებენ.

აი ასეთი იყო ბოლო წლების „რეალი“. წლევანდელი გუნდი კი უფრო მსუბუქია, უფრო გახსნილი, ამოწეული ხაზით, მეტი შემტევით და მეტი დატოვებული ზონით, რომლებსაც მეტოქეები ხშირად ითვისებენ.

სეზონის პირველ „ელ კლასიკოში“ „რეალი“ 0:4 განადგურდა. ანჩელოტი მეტოქეს მოერიდა და 4-4-2-ს დაუბრუნდა, თუმცა ფეხბურთელებს არასწორი როლები მისცა და ხაზიც ზედმეტად მაღლა აწია. ამ „ბარსელონასთან“ პრესინგის თამაში, როდესაც სუსტი დაცვა და საყრდენი ზონა გყავს, არის დამღუპველი შეცდომა. კონკრეტულად 0:4-ის ანალიზი Crystalsport-ის იუთუბ არხზე „ცრუ ცხრიანში“ უკვე შემოგთავაზეთ და შეგიძლიათ ნახოთ.

ამჯერად მინდა მადრიდელთა პრესინგისა და თავდაცვითი თამაშის დროს დაშვებული შეცდომები განახოთ და შემდეგ ლოგიკურ დასკვნამდე მივიდეთ.

ანჩელოტის გუნდმა ამ სეზონში წააგო შინ „მილანთან“ და წააგო მეორე „ელ კლასიკო“ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში. ამ შეხვედრებში საინტერესო ტაქტიკური ნიუანსები იყო - გუნდური და ინდივიდუალური ჩავარდნები.

ყველაზე საინტერესო მომენტი: 39-ე წუთზე ჩუამენი არაზუსტი პასის შემდეგ ბურთს კარგავს, იწყება „მილანის“ კონტრ-შეტევა. პულიშიჩი მორატასთან ითამაშებს კედელს, ამ დროს მოდრიჩი კარგავს მორატას, რომელიც საჯარიმოსკენ გარბის, თუმცა ლუკა არ მიჰყვება. საჯარიმოსთან კი უკვე ჩუამენი ვერ ამჩნევს ესპანელის მოძრაობას და საბოლოოდ გადის გოლი. ეს იყო იმის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა ითამაშოს საყრდენმა ზონამ ბურთის დაკარგვის დროს.

და მივედით „ელ კლასიკომდე“. როგორც უკვე აღვნიშნე, მადრიდელთა პრობლემა ნახევარდაცვის სუსტი თამაშიდან იწყება. „მილანთან“ მატჩის კადრებშიც ნახეთ, თუ რა არასწორად მოქმედებდნენ ისეთი სიტუაციებში, სადაც სივრცის ჩაკეტვა იყო საჭირო.

ამჯერად დააკვირდით როდრიგო, კამავინგა, ვალვერდე და ბელინგემი როგორ დგანან და თვალს ადევნებენ „ბარსას“ ბურთის ამოტანას. რიცხობრივი უპირატესობა აქვთ და თითქოს ცენტრის ჩაკეტვა უნდა შეძლონ, თუმცა 2 პასით „ბლაუგრანა“ მადრიდულ კედელს მარტივად უძვრება. რეალის ფეხბურთელების განლაგება და მოქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

მომდევნო შეცდომა პრესინგის მცდელობის დროს დაუშვეს. მაღლა აწეული ხაზი - როდრიგო, ვასკესი და ვალვერდე „ბარსას“ მცველებს ავიწროებენ, თუმცა ერთი მარტივი პასით ბალდეს ბურთი ამოაქვს, კასადო ბელინგემს ასწრებს, პასი წინ და რაფინია გარბის! ამ დროს რა ხდება? ლევანდოვსკიმ ცენტრში ცრუ მანევრით რუდიგერი ამოიტყუა, რა დროსაც რაფინიამ ვასკესის დამზღვევად გადასულ ჩუამენის ჩაუქროლა და შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვნახეთ.

სხვათა შორის, ზუსტად ასეთი ცრუ მანევრი გაუკეთა ლევანდოვსკიმ პირველ ტაიმში პირველი გოლისას რუდიგერს, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად პასიც მან შეასრულა და სივრცეში შეჭრილ იამალს ბურთი გაატანა, რომელმაც მესის სტილში შედევრი შექმნა.

კონკრეტულად ამ მატჩში ანჩელოტიმ ასეთი შემადგენლობით ითამაშა, რაც რბილად, რომ ვთქვათ შეცდომა იყო, რადგან ისედაც მოშლილი ცენტრი ნომინალური ჩამშლელის გარეშე დატოვა. ჩუამენი დაცვის ცენტრში ჩაწია, ამით კი ფედე ვალვერდეს სიღრმიდან შავი სამუშაოს კეთება მეტად უწევდა, ის კი ასე უკნიდან მოთამაშე შუახაზელი არ არის. და ამ ყველაფერთან ერთად, მარჯვენა ფლანგზე საჭირო დაზღვევის გარეშე დარჩა ვასკესი, რომელიც მთელი შეხვედრა უმწეოდ გამოიყურებოდა.

„რეალის“ ქომაგები რაულ ასენსიოსთვის მეტი შანსის მიცემას საკმაოდ ობიექტურად ითხოვენ. მსგავს მატჩებში გუნდს ნომინალური მცველი სჭირდება. მისი გამოყენების შედეგად, დაცვა უფრო ლოგიკურ სახეს მიიღებდა, ჩუამენიც თავის პოზიციაზე ითამაშებდა (ჩამშლელად), ვალვერდე კი უფრო მეტად შეძლებდა თავისი როლის მორგებას და ვასკესის დაზღვევასაც.

მინუს კროოსს პლუს მბაპე - არასწორი ტრანსფორმაცია

ამ ფაქტებისა და არგუმენტების ნახვის შემდეგ, ჩემი მოკრძალებული აზრით დასკვნა ასეთია:

კროოსის წასვლით და მბაპეს მოსვლით, ასე ერთი ხელის მოსმით გუნდი სათამაშო სტილს ვერ შეიცვლის და 4-3-3-ით მოქმედ ულტრაშემტევ მანქანად ვერ იქცევა.

„რეალმა“ გადაწყვიტა, რომ კროოსის შემცვლელის შესაძენად ფულს არ დახარჯავდნენ, რადგან გუნდში მბაპე მოდიოდა და შეტევის ხაზი ორმაგად ძლიერდებოდა. გერმანელი ჯადოქარი კი მარტივად ჩაანაცვლეს: ფედე ვალვერდე ცენტრში შეწიეს და რეჯისტას პოზიციაზე გაამწესეს. აი აქედან დაიწყო ჩამოშლის მეორე ეტაპი...

ის, რომ კროოსი ვერავინ შეცვალა და პრობლემა იყო, ამას დაემატა ვალვერდე, რომელმაც თავისი პოზიცია დატოვა, ახალი როლი მოირგო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მისი ძველი მოვალეობები კი „ლოს ბლანკოსს“ ძალიან დააკლდა.

ურუგვაელი „ორმაგ პლუს-ერთს“ თამაშობდა. რას ნიშნავს ეს? ფედე 3 ნახევარმცველს მეოთხე კაცად ემატებოდა. 2 ფორვარდს კი მესამე თავდამსხმელად. ამას ეტაპობრივად, გამოზომილად და საჭირო დროს აკეთებდა. გარდა ამისა, მარჯვენა ფლანგსა და მოედნის ცენტრს თავისი ამოუწურავი ენერგიით პრესინგს ახმარდა, რაც „რეალს“ თავდაცვის საშუალებას მეტოქის ნახევრიდანვე აძლევდა. ამით კი დაცვის ხაზი ნაკლები წნეხის ქვეშ ექცეოდა. ყველაზე მეტად კი კომფორტულ სიტუაციაში მარჯვენა მცველი იყო.

გარდა ამისა, გასულ სეზონში 4-4-2-ით თამაშის დროს, ჯუდ ბელინგემის როლი გაცილებით მომგებიანი იყო. ინგლისელი ცრუ ცხრიანს თამაშობდა და მოედანზე თავისუფლად გადაადგილდებოდა. წელს კი უფრო სიღრმიდან მოქმედება უწევს, მეტ შავ სამუშაოს ასრულებს, აღარ ჰყავს კროოსი, მოდრიჩი ასაკშია და თავის თავს აღარ ჰგავს, ფედე ვალვერდეს კი არასწორად იყენებენ.

რეალის Fake run-ები მუშაობს, მაგრამ ეს ცოტაა

ანჩელოტის გუნდზე თუ რამე შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ შეტევაში აშკარად მომატებული აქვთ და რაც მთავარია გუნდელები მბაპეს სივრცეს უქმნიან, ეს კი სეზონის სტარტზე იშვიათად ხდებოდა.

ამჯერად კილიანი თავს კომფორტულად გრძნობს და გოლების გატანაც დაიწყო, თავის ფორმის პიკს უახლოვდება.

ანჩელოტი მოედნის ბოლო მესამედში გუნდს ეფექტურად მანევრირების გეგმას უმუშავებს და ფეხბურთელებიც ამ დავალებებს ხშირად კარგად ასრულებენ. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე ლამაზად გამოყენებული კომბინაცია ეგრეთწოდებული Fake Run-ი გახლავთ. როდესაც მეტოქის მოთამაშეს იტყუებ, რომ შენს გუნდელს დასარტყმელად სივრცე შეუქმნა. „ბარსელონა“ ამას მეტოქის დაცვის დასაშლელად იყენებს, რომ შემდეგ საგოლე შეტევა შექმნას, „რეალი“ ამას დამაგვირგვინებელი დარტყმის შესასრულებლად აკეთებს.

„სევილიასთან“ შეხვედრაში ეს იდეალურად გამოჩნდა. მადრიდელთა კონტრ-შეტევის დროს ხედავთ კამავინგას გარბენს, უკვე იცის რაც უნდა გააკეთოს, შერბის საჯარიმოში და ერთბაშად 2 მცველი გადაჰყავს, ამ დროს მბაპე მარტო რჩება, პასი და ულამაზესი გოლი გადის.

მეორე ანალოგიური შეტევა და ამჯერად Fake Run-ს მბაპე ასრულებს, როდრიგოს დასარტყმელ სივრცეს უქმნის, რომელიც ვასკესის პასს ერთი შეხებით გოლად აქცევს.

ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია, მაგრამ გუნდი დაცვაში ვერ დალაგდა, იმიტომ, რომ ნახევარდაცვა კვლავ სასურველი ფორმისგან შორსაა. ანჩელოტი ამაზე მუშაობდა და თითქოს პროგრესიც იყო. მაგალითად, ბელინგემი შეტევაში უფრო მწვავე გახდა, თუმცა რად გინდა - „ბლანკოსს“ კვლავ ტრავმებმა დაარტყა...

„რეალისთვის“ ახლა სეზონის გარდამტეხი ეტაპი მოდის. გუნდს კი 4 მცველი აკლია: კარვახალი, ალაბა, მილიტაო და რუდიგერი. ეს მთელი დაცვაა და „პაპა კარლოს“ ძალიან დიდი საფიქრალი აქვს, რადგან გუნდი 8 თებერვალს „ატლეტიკოს“ (შინ), დაუპირისპირდება, 12 თებერვალს „მანჩესტერ სიტის“ (სტუმრად), 15 თებერვლას „ოსასუნას“ (სტუმრად), ხოლო 19 თებერვალს კვლავ „მანჩესტერ სიტის“ (შინ).

ასეთი დაცვით, 4 ასეთი მატჩის ჩატარება დიდი გამოწვევაა და სიამოვნებით ვნახავ ანჩელოტისგან მორიგ სიურპრიზს. წინ სეზონის გადამწყვეტი ნაწილი გველის და გავიგებთ რა როლი ექნება და რა მიზნებისთვის იბრძოლებს „სამეფო კლუბი“.

P.S. კროოსს ვერ შეედრებიან, მაგრამ ნაჩოსა და ხოსელუს ამ ფორმაციის „რეალისთვის“ ძალიან სოლიდური მნიშვნელობა ჰქონდათ. სათადარიგოთა სკამიდან ორივე მათგანი საჭირო რესურსს და დასაყრდენს წარმოადგენდა, რომელიც ამ სეზონში ანჩელოტის გამოეცალა. არდა გიულერი, ბრაჰიმ დიასი და ენდრიკი ჯერჯერობით საინტერესოს ვერაფერს გვთავაზობენ, თუმცა პოტენციალი უდიდესი აქვთ.

ამ ყველაფრის ფონზე, შემთხვევითი არ არის, რომ ფლორენტინო პერესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ფლორიან ვირცისა და როდრის ტრანსფერებზე მუშაობას გეგმავს...

გაზიარება: