რატომ არ გადავიდა გოგლიჩიძე რომაში? - Il Tempo ჩაშლილი ტრანსფერის დეტალებზე
იტალიური გამოცემა Il Tempo „რომაში“ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერის ჩაშლის მიზეზებზე წერს. გამოცემის ინფორმაციით, მაშინ, როდესაც ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებული იყო, „ემპოლიმ“ რამდენიმე ახალი მოთხოვნა წამოაყენა, რის გამოც დედაქალაქურმა კლუბმა მოლაპარაკებები შეწყვიტა.
რას წერს გამოცემა:
„რომაში“ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერისთვის თითქმის ყველაფერი მზად იყო, თუმცა მოულოდნელად მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. კლაუდიო რანიერის ქართველი მცველის დამატება სურდა, თუმცა „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ გამოცდილმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ საბა „ჯალოროსის“ არ შეუერთდებოდა.
მთავარი მიზეზი, თუ რატომაც თქვა „რომამ“ უარი საბას ტრანსფერზე, უკავშირდება იმას, რომ ტოსკანურმა კლუბმა შეთანხმების ფინანსური პირობები შეცვალა. კერძოდ, „ემპოლიმ“ თანხის გადარიცხვის ვადები და გამოსასყიდის ოდენობა შეცვლა, რის გამოც „რომამ“ საბას დამატებაზე უარი თქვა. დაუბრუნდებიან თუ არა „მგლები“ გოგლიჩიძის ტრანსფერს ზაფხულში, ჯერჯერობით უცნობია“.
შეგახსენებთ, რომ იანვარში იტალიური პრესა აქტიურად წერდა გოგლიჩიძის მიმართ „რომას“, „იუვენტუსის“, „რომას“ და „ატალანტას“ ინტერესის თაობაზე. საბას წარმომადგენლები ტრანსფერის საკითხზე მოლაპარაკებებს მართავდნენ, ყველაზე საგრძნობ პროგრესს „რომამ“ მიაღწია, თუმცა საბოლოო ჯამში გოგლიჩიძე „ემპოლიში“ დარჩა, „ჯალოროსიმ“ კი „გალათასარაიდან“ იჯარით ვიქტორ ნელსონი დაიმატა.