ლუის რუბიალესი, ჯენიფერ ჰერმოსო
Aa
Aa

2,5-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რუბიალესის საქმეზე სასამართლო დაიწყო

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის წინააღმდეგ სასამართლო დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ზაფხულში ესპანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, დაჯილდოების ცერემონიის დროს კი ლუის რუბიალესმა ერთ-ერთ ფეხბურთელს, ჯენიფერ ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა.

მასობრივი კრიტიკის შემდეგ რუბიალესმა თანამდებობა დატოვა. 2023 წლის ოქტომბერში ფიფას სადისციპლინო კომისიამ რუბიალესი ფეხბურთთან დაკავშირებულ ყველანაირ საქმიანობას 3 წლით ჩამოაშორა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთის სპორტულმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ (TAD). ახლა კი ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროკურატურა რუბიალესისთვის „თანხმობის გარეშე კოცნისთვის“ 2 წლითა და 6 თვით პატიმრობას ითხოვს.

განსასჯელთა სკამზე ასევე მოხვდნენ ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელები ალბერტ ლუკე და ხორხე ვილდა, ასევე მარკეტინგის ყოფილი მენეჯერი რუბენ რივერა, რომლებისთვისაც პროკურატურა „იძულებითი ქმედებებისთვის“ წელიწად-ნახევრიან პატიმრობას ითხოვს.

ჰერმოსო ითხოვს, რომ რუბიალესს უახლოესი 4 წლის განმავლობაში მასთან 500 მეტრით მიახლოება აეკრძალოს.

ზეპირი მოსმენა წინასწარი კითხვებით დაიწყო. უახლოეს დღეებში სასამართლო მოისმენს სამი მოწმის ჩვენებას: თავად ჯენიფერ ჰერმოსოს, ფედერაციის ქალთა ფეხბურთის დეპარტამენტის დირექტორის, ანა ალვარესის და ქალთა ნაკრების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, პატრისია პერესის.

ცნობისთვის, ჰერმოსოს პსჟ-ში, „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონაში“ უთამაშია, 2024 წლიდან კი მექსიკური „ტიგრესის“ ღირსებას იცავს. ესპანეთის ნაკრებში ჰერმოსოს 123 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 57 გოლია.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მადრიდის აეროპორტში გასული წლის აპრილში დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაწილობრივ კვარას გამო - ასენსიომ პსჟ დატოვა
ნაწილობრივ კვარას გამო - ასენსიომ პსჟ დატოვა