ძირითადში ამიტომაც ვერ ხვდება - კრაიოვას მწვრთნელი მექვაბიშვილზე
სეზონის დასაწყისისგან განსხვავებით, ბოლო პერიოდში ანზორ მექვაბიშვილი „უნივერსიტატ კრაიოვას“ ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ვერ ხვდება, თუმცა როდესაც თადარიგში რჩება, ცვლილებაზე მაინც ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება.
ასე იყო ამჯერადაც - გუშინ „პოლიტექნიკა იასისთან“ (4:1) მოგებულ შეხვედრაში ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი 64-ე წუთზე ჩაერთო, მისი კონკურენტი ალექსანდრუ ჩიჩალდაუ კი ძირითად შემადგენლობაში იყო და გოლიც გაიტანა. სწორედ მათ შესახებ ისაუბრა პრეს კონფერენციაზე „კრაიოვას“ მთავარმა მწვრთნელმა მირელ რადოიმ:
„ალექსანდრუს და ანზორის შესაძლებლობებისა და მათი კლასის შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა არსებობს პრობლემა, რის გამოც ძირითადში მათი ერთად დაყენებისგან თავს ვიკავებ. არც ჩიჩალდაუ და არც მექვაბიშვილი ფიზიკური თვალსაზრისით 90 წუთი სათამაშოდ მზად არ არის, რის გამოც იძულებული ვარ როტაციას მივმართო და მათი დრო სამართლიანად გადავანაწილო“.
24 ტურის შემდეგ „უნივერსიტატ კრაიოვა“ რუმინეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მეხუთე ადგილზეა, თუმცა ლიდერ „უნივერსიტატეა კლუჟს“ მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას მექვაბიშვილი და მისი თანაგუნდელები 5 თებერვალს სწორედ პირველ ადგილზე მყოფ გუნდთან, საკუთარ სტადიონზე გამართავენ.