სანდრო ნარიმანიძე
Aa
Aa

იბერია 1999-დან სლოვაკეთში - ნარიმანიძე ჟილინაში ითამაშებს

19 წლის მცველი, სანდრო ნარიმანიძე იბერია 1999-დან კარიერას სლოვაკეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდ „ჟილინაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია სლოვაკურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ნარიმანიძემ ახალ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და არაოფიციალური ინფორმაციით, „ჟილინას“ მისი ტრანსფერი 50 ათასი ევრო დაუჯდა.

ახალგაზრდა მცველი რამდენიმე კვირის განმავლობაში „ჟილინაში“ სინჯებზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც კლუბმა მისი შეძენა გადაწყვიტა. ქართველის ტრანსფერთან დაკავშირებით სპორტულმა დირექტორმა, კაროლ ბელანიკმა ისაუბრა.

„ჩვენი სისტემისთვის დიდი ხანია ვეძებთ მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველს და მივიღეთ რჩევა სანდროზე, რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია, შესანიშნავი აღნაგობითა და ბურთთან მშვიდად მუშაობის თვისებით. წინა კვირების განმავლობაში, ჩვენთან ერთად ტრიალებდა, ვარჯიშობდა და თამაშობდა, რის შემდეგაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამწვრთნელი ბანაკის დასრულების შემდეგ სრულფასოვნად შეგვეძინა“.

„მან ჯერ კიდევ უნდა იმუშაოს თავის თავზე, უნდა გახდეს უფრო აგრესიული კონტაქტების დროს და ფოკუსირება მოახდინოს ორთაბრძოლებზე, რათა უფრო სრულყოფილი მოთამაშე გახდეს. მას დიდი პოტენციალი აქვს და ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება დაკისრებულ მოვალეობას. ის კეთილგანწყობილი ბიჭია და გუნდში მალე ჩაჯდება. გვჯერა, რომ პირველ გუნდში მალე ვიხილავთ და ჩვენთან ერთად ბევრ წარმატებას მიაღწევს“, - განაცხადა ბელანიკმა.

ტრანსფერთან დაკავშირებით ალექსანდრე ნარიმანიძემაც ისაუბრა. 19 წლის მცველის კომენტარს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

რას ამბობს ნარიმანიძე:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ საფეხბურთო ოჯახის წევრი გავხდი. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ყოფილ გუნდს - „იბერიას“, რომელმაც გამზარდა. ახლა კი ახალი გამოწვევებისა და ახალი გამოცდილების მიღების მოლოდინებისთვის მზად ვარ. გუნდი საკმაოდ მაღალი დონისაა და მოუთმენლად ველი, როდის ჩავატარებ პირველ შეხვედრას“.

„ლუკა ლოჩოშვილს ვიცნობ, ველაპარაკე გურამ კაშიასაც, რომელმაც სლოვაკეთის ჩემპიონატის შესახებ ყველაფერი მიამბო. მისი სიტყვებიდან გამომდინარეც, მოუთმენლად ველი აქ თამაშის ჩატარებას. ვფიქრობ, სლოვაკეთის ჩემპიონატი ინტენსივობით საქართველოზე ცოტათი ხარისხიანი იქნება“.

ალექსანდრე ნარიმანიძე „იბერია 1999“-ის აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტო 2023 წელს ჰქონდა. საერთო ჯამში, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 19 წლის ფეხბურთელმა 19 მატჩის ჩატარება მოასწრო.

ცნობისთვის, „ჟილინაში“ ნარიმანიძის გარდა წარსულში 3 ქართველ ფეხბურთელს უთამაშია - ლუკა ლოჩოშვილს, გიორგი ციმაკურიძეს და გიორგი თევზაძეს. ასევე გეტყვით, რომ სლოვაკეთის ჩემპიონატში ამჟამად საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია თამაშობს, რომელიც ბრატისლავის „სლოვანის“ ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები