„მეგონა, რომ გამარჯვებას უმარს მისცემდნენ, მაგრამ...“ - ჯო როგანი საჩემპიონო ჩხუბზე
ცნობილმა ამერიკელმა პოდკასტერმა და UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ჩხუბი გაიხსენა და მას სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში ერთ-ერთი ყველა დროის საუკეთესო ბრძოლა უწოდა.
ჯო როგანმა აღნიშნა, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ, ფიქრობდა, რომ მსაჯები გამარჯვებას უმარ ნურმაგომედოვს მისცემდნენ, თუმცა, მერაბმა მაინც დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
რას ამბობს ჯო როგანი:
„მერაბ დვალიშვილი და უმარ ნურმაგომედოვი ახლო დისტანციაზე ჩხუბობდნენ და ბევრი დარტყმა გაცვალეს. საბოლოოდ მერაბმა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. წარმოუდგენელი ბრძოლა იყო! ალბათ, სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში საუკეთესო სატიტულო ბრძოლაც... წარმოუდგენელი იყო, ერთმანეთთან ყველაფერი საუკეთესოდ იყო შეხამებული. მებრძოლები თითქმის არც გაჩერებულან. როგორც ჩანს, მერაბმა პირველივე რაუნდი მოტეხა ხელი და ამის მიუხედავად, უმარმა ბრძოლა მაინც ბოლომდე მიიყვანა. მერაბს თეიქდაუნი გაუკეთა და ამას არავინ ელოდა, შემდეგ მისი ზურგიც აიღო და პირველი ორი რაუნდი მოიგო. მესამე რაუნდზე კითხვის ნიშანია. ამ რაუნდს რამდენჯერმე ვუყურე“.
„ჩემი აზრით მესამე რაუნდი ძალიან თანაბარი იყო, იმდენად თანაბარიც, რომ ვხედავდი, როგორ აძლევდნენ ამ რაუნდს მსაჯები უმარს. მან ფეხზე მდგომში უფრო ბევრი დარტყმა შეასრულა და ერთი თეიქდაუნიც გააკეთა. მართალია, მერაბს უფრო მეტი თეიქდაუნი ჰქონდა, მაგრამ ამის მეტი, არაფერი გაუკეთებია. თუმცა, დანიელ კორმიეს ნამდვილად კარგი აზრი ჰქონდა. რაუნდის მიმდინარეობისას ამბობდა, რომ მერაბი უფრო აჩქარდა, უმარს კი პირიქით, დაღლილობა დაეწყო“.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.
მერაბ დვალიშვილს ნათქვამი აქვს, რომ 2025 წელს სამი ბრძოლის გამართვას გეგმავს. ერთი ბრძოლა „მანქამამ“ უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ჩაატარა, მომდევნო მეტოქე კი სავარაუდოდ, შონ ომალი, ან პიოტრ იანი იქნება.