მესის, მენოტის და ბიელსას ქალაქიდან - ვინ არის პორტუს ახალი მწვრთნელი
Aa
Aa

მესის, მენოტის და ბიელსას ქალაქიდან - ვინ არის პორტუს ახალი მწვრთნელი

„პორტუს“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა როდესაც შეიტყვეს, გულშემატკივართა ნახევარმა მაინც მისი არსებობა საერთოდ არ იცოდა - „დრაკონების“ ხელმძღვანელებმა არჩევანი 39 წლის არგენტინელ სპეციალისტზე, კრისტიან ანსელმიზე შეაჩერეს და მასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდა. როდესაც შეიტყობთ, თუ ვინ არის ამჟამად „პორტუს“ პრეზიდენტი, გამოუცდელი კადრისთვის ნდობის გამოცხადება აღარავის გაუკვირდება, რადგან თავის დროზე ანდრე ვილაშ-ბოაშმაც მწვრთნელობა ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო და „მეორე მოურინიოსაც“ უწოდებდნენ, მაგრამ გაცემული ავანსები აშკარად ვერ გაამართლა და როგორც ხედავთ, ფუნქციონერის ამპლუაში გადაინაცვლა.

ანსელმი არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე „საფეხბურთო ქალაქიდან“ არის - ის ლიონელ მესის, ანხელ დი მარიას, მაურო იკარდის, სესარ ლუის მენოტისა და მარსელო ბიელსას მსგავსად, როსარიოში დაიბადა. ქალაქი მუდამ ორად არის გაყოფილი - ნაწილი „როსარიო სენტრალს“, ნაწილი კი „ნიუელს ოლდ ბოისს“ გულშემატკივრობს. „პორტუს“ ახალი დამრიგებელი „ნიუელსს“ ქომაგობს. მას ფეხბურთი პროფესიულ დონეზე არ უთამაშია, სამწვრთნელო კურსებზე კი ბუენოს-აირესში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.

30 წლის ასაკში, 2015 წელს ახალგაზრდებთან მუშაობა დაიწყო, რის შემდეგაც გაბრიელ მილიტომ „ინდეპენდიენტეში“ ასისტენტად წაიყვანა და მოგვიანებით ამ უკანასკნელთან ნაცნობობა მას ბევრ რამეში დაეხმარა: „გაბისთან მუშაობისას უამრავი რამ ვისწავლე პოზიციური ფეხბურთის შესახებ. ბოლოს და ბოლოს ის ხუთი წელი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით თამაშობდა და როდესაც რაღაცას მიხსნიდა, მეგონა, რომ გუარდიოლა მესაუბრებოდა“ - იხსენებს ანსელმი.

ანსელმი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ასისტენტის პოზიციაზე არგენტინაში (ატლანტა), ეკვადორში (ინდეპენდიენტე დელა ვალე) და ბრაზილიაში (ინტერნასიონალე) მუშაობდა, პარალელურად კი პრაქტიკებს გაბრიელ ჰაინცესთან და მარსელო ბიელსასთან გადიოდა. ამას მოჰყვა დამოუკიდებლად მწვრთნელობა ეკვადორისა და პერუს სარეზერვო გუნდებში, რის შემდეგაც დრო მოვიდა დიდი ფეხბურთისკენ დიდი ნაბიჯები გადაედგა.

უნდა აღინიშნოს, რომ დებიუტი მთავარი მწვრთნელის რანგში მაინცდამაინც წარმატებული ვერ გამოუვიდა - ჩილეს „უნიონ დე-კალერას“ 11 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოაგებინა და კარისკენ მიუთითეს, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია და წარმატებებს მალევე მიაღწია. დაბრუნდა „ინდეპენდიენტე დელა ვალეში“ და ორ წელიწადში ოთხი ტიტული მოაგებინა. 2022 წელს ეკვადორის თასი და სამხრეთ ამერიკის თასი (ევროპა ლიგის ლათინური ანალოგი), ხოლო 2023-ში ეკვადორის სუპერთასი და ამერიკის რეკოპა, რომლის ფინალშიც 11-მეტრიანების სერიაში ბრაზილიის „ფლამენგოს“ აჯობა. „პორტუს“ ჩაბარებამდე ანსელმის ბოლო სამუშაო ადგილი „კრუს ასული“ იყო, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით მართალია მექსიკის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ქულათა სარეკორდო რაოდენობა მაინც დააგროვა.

პორტუგალიის 30-გზის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კრისტიან ანსელმიმ ბრუნუ ვიტორი შეცვალა, რომლის ხელშიც „პორტუმ“ ბოლო სამი მატჩი ისე წააგო, რომ მეტოქეთა კარში მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა, თავად კი ექვსი მიიღო. შედეგად, დათმო ქვეყნის ლიგის თასის ნახევარფინალი „სპორტინგთან“, ხოლო ჩემპიონატში იმავე „სპორტინგთან“ 9-ქულიანი ჩამორჩენა აქვთ, თუმცა თამაშით ნაკლები აქვთ გამართული.

ნებისმიერ შემთხვევაში თვლიან, რომ ანდრე ვილაშ-ბოაშმა გარისკა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ თავად მას ანსელმის ასაკში არამხოლოდ „პორტუ“ ჰყავდა გაწვრთნილი, არამედ ტიტულებიც ჰქონდა მოგებული და სამწვრთნელო კარიერა პრაქტიკულად დასრულებული. თუ ვინმე ანსელმის იმის გამო დაიწუნებს, მას პროფესიულ დონეზე ფეხბურთი არ უთამაშია, უნდა შეახსენო „პორტუს“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული თავკაცი ჟოზე მოურინიო, რომელიც არა ფეხბურთელი, არამედ თარჯიმანი იყო.

არგენტინელი სპეციალისტის დიდი იმედი „პორტუს“ ხელმძღვნალებს მისი სათამაშო ფილოსოფიის გამოც აქვთ: „ჩემი გუნდი ბურთს გამუდმებით უნდა აკონტროლებდეს. არ უნდა ველოდოთ იმას, მეტოქე როდის დაუშვებს შეცდომას, არამედ მისი პროვოცირება ჩვენ თვითონ მოვახდინოთ. აგრესიული კლუბი მეყოლება, რომელსაც ვერავინ აჯობებს. ნებისმიერ ოპონენტს ნებისმიერ სტადიონზე წინააღმდეგობას გავუწევთ და ქომაგები ჩვენი ასპარეზობით სიამოვნებას მიიღებენ“ - ეს „დრაკონების“ ახლადგამომცხვარი დამრიგებლის სიტყვებია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მოიესმა წარსული გააცოცხლა - 2002 წლის პრემიერ ლიგის მწვრთნელები მაშინ და დღეს
მოიესმა წარსული გააცოცხლა - 2002 წლის პრემიერ ლიგის მწვრთნელები მაშინ და დღეს