„ფენომენალური ნიჭი აქვს და მისგან სწორედ ამას ველით...“ - ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩაზე
გავლენიანი ფრანგული გამოცემა Lequipe-ს ჟურნალისტმა, ჟოზე ბაროზომ RB Sport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.
რას ამბობს ბაროზო:
„ყველამ იცის, რომ ხვიჩა დიდი ფეხბურთელი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოლა ძალიან მაგარია. მაგრამ ამავდროულად, ძალიან ბევრს აინტერესებს, თუ რამდენად სჭირდებოდა ის პსჟ-ს ამ პერიოდში. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 5 და 10 ფეხბურთელს ვერ იყიდი, მაქსიმუმი ერთი, ან ორია. მაგრამ საკითხავია, იყო თუ არა ხვიჩას შეძენა პრიორიტეტული, რადგან ის იმავე პოზიციაზე თამაშობს, სადაც ბარკოლა, გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი“.
„რა თქმა უნდა, საფრანგეთში ძალიან უხარიათ, რომ ხვიჩა ლიგა 1-ში, კერძოდ კი პსჟ-ში გადავიდა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ეს ტრანსფერი ჩემთვის გარკვეულწილად ალოგიკურია. მაგრამ ხვიჩას ფენომენალური პოტენციალი და უზარმაზარი ნიჭი აქვს. ის ბურთს ძალიან კარგად ფლობს, რაც მნიშვნელოვანია, რადგან აქ 10-მცველიან გუნდებთან თამაში მოუწევს. ხვიჩას შესანიშნავი ტექნიკა და კარგი პასი აქვს. ამის გათვალისწინებით, ველით, რომ მოწინააღმდეგის დაცვას გაარღვევს და გუნდს იმ კრეატიულობას მოუტანს, რაც ამჟამად აკლია“.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისგან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა. ქართველმა ფეხბურთელმა პარიზული გუნდის მაისურით უკვე ორი შეხვედრა ჩაატარა და პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა.
პსჟ ხვალ, საფრანგეთის თასზე „ლე მანსს“ ესტუმრება, თბილისის დროით 8 თებერვალს, 00:05 საათზე კი ლიგა 1-ის მორიგ ტურში „მონაკოს“ დაუპირისპირდება.