ნეიმარი
Aa
Aa

პირობა შესრულებულია - ნეიმარი სანტოსში ცრემლებით დაბრუნდა

თითქმის 12-წლიანი პაუზის შემდეგ, 32 წლის ასაკში ნეიმარი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. „სანტოსი“ ბრაზილიელმა ვარსკვლავმა 2013 წელს დატოვა და „ბარსელონაში“ გადაბარგდა, სადაც საკლუბო კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებებს მიაღწია - 2015 წელს მან და მისმა თანაგუნდელებმა „ბლაუგრანასთვის“ ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ტრიპლეტის შესრულება შეძლეს. რატომ და რომელი არასწორი გადაწყვეტილების გამო ვერ ითამაშა ნეიმ ევროპაში ის ფეხბურთი, რასაც მისგან ელოდნენ, რთული სათქმელია და ახლა მისი ერთადერთი საზრუნავი, „თევზებისთვის“ ძველი დიდების დაბრუნების გარდა, 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კარგ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნა იქნება.

პროფესიულ ფეხბურთში ნეიმარის დებიუტი 2009 წლის მარტში შედგა, როდესაც „სანტოსის“ შემადგენლობაში „ოესტეს“ წინააღმდეგ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა. აქედან ზუსტად 8 დღეში, სან პაულუს შტატის პირველობაზე სადებიუტო გოლი „მოჯი-მირინის“ კარში გაიტანა. ნახევარ თვეში ნეიმარმა კარიერაში პირველი ფინალი ჩაატარა, თანაც მისი ლეგენდარული თანამემამულის, რონალდოს „კორინთიანსის“ წინააღმდეგ. „სანტოსმა“ შტატის ნახევარფინალის ორმატჩიან რაუნდში „პალმეირასი“ დაამარცხა და გუნდის ახალგაზრდა ტალანტმა „მწვანე ყვავებთან“ ერთ მატჩში ბურთი გაიტანა, მეორეში კი საგოლე პასი შეასრულა. ფინალში, რომელიც ლუის ნაზარიო დე ლიმას კარიერაში ბოლო მატჩი იყო, „სანტოსი“ ორი შეხვედრის ჯამში 2:4 დამარცხდა, ნეის კი შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

ბრაზილიის სერია A-ში „სანტოსის“ ახალგაზრდა ვარსკვლავმა სადებიუტო სეზონშივე შედეგიანად იასპარეზა და 10 გოლი გაიტანა, თუმცა აქედან ექვსი ბურთი ბოლო ხუთ ტურში მიითვალა. არასოდეს დაავიწყდება 2010 წლის აპრილი, როდესაც ქვეყნის თასზე „გუარანთან“ (8:1) მოგებულ მატჩში მის ანგარიშზე 5 გოლი იყო. ამ ყველაფერს სულ მალე პირველი ტიტულიც მოჰყვა - „თევზებმა“ შტატის პირველობა ფინალში „სანტო-ანდრეს“ დამარცხებით მოიგეს.

ნეიმარი შედეგიანი იყო, თუმცა მისი გუნდი ბრაზილიის ჩემპიონატში უმაღლესი მიზნებისთვის ვერ იბრძოდა - კლუბმა 2010 წლის სერია A მერვე პოზიციაზე დაასრულა, ნეიმ კი ყველა შეჯიბრებაზე გამართულ 60 მატჩში საკუთარ აქტივში 42 გოლი ჩაიწერა. რაც შიდა პირველობაზე არ გამოდიოდა, გამოვიდა უფრო მნიშვნელოვან ტურნირზე და 2011 წელს „სანტოსმა“ ლიბერტადორესის თასი მოიგო, როდესაც ორი მატჩის ჯამში ურუგვაის „პენიაროლი“ 2:1 დაამარცხა და ნეიმარმა ერთი გოლი გაიტანა.

2012 წელს შედეგიანობის მხრივ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და სეზონი 43 გოლით დაასრულა. იტანდა არაჩვეულებრივ ბურთებს და ერთი მათგანი, რომლითაც „ფლამენგოსთან“ მატჩში გამოიჩინა თავი, ფერენც პუშკაშის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა. უკანასკნელი თამაში ნეიმარმა „სანტოსის“ რიგებში 2013 წელს „მენგოსთან“ ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგაც ცრემლები ვერ შეიკავა და ადგილობრივ ტორსიდას დაპირდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა და როგორც ხედავთ, სიტყვა შეასრულა.

2025 წელი „სანტოსის“ ისტორიაში გამორჩეულია - ქვედა ლიგაში გატარებული ხანმოკლე პერიოდის შემდეგ კლუბი ელიტას უბრუნდება და გუნდს დაუბრუნდა ნეიმარი, რომელსაც ქომაგები უბრალოდ აღმერთებენ. წავიდა ახალგაზრდა ბიჭი და დაბრუნდა როგორც ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, კონფედერაციის თასისა და ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი და 21 საკლუბო ტურნირის გამარჯვებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ გადავედი ბარსადან პსჟ-ში? - ნეიმარი რომარიოს საინტერესო თემებზე ესაუბრა
რატომ გადავედი ბარსადან პსჟ-ში? - ნეიმარი რომარიოს საინტერესო თემებზე ესაუბრა