ოლივერ კანი, კარლსრუე, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

კაცი ათასი ხელით - მეკარე შეშლილის სახით, ვისიც თანაგუნდელებსაც ეშინოდათ

ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მეკარის პოზიციაა. ისინი მუდამ ფოკუსირებულნი უნდა იყვნენ. მეკარეები გარკვეულწილად რობოტებს ჰგვანან, რომლებსაც სიფხიზლე და უემოციობა მართებთ.

თუ გადავხედავთ ყველა დროის ყველაზე საშიშ ფეხბურთელებს, აღმოვაჩენთ ისეთ მოთამაშეს, რომელიც ულაპარაკოდ ამ სიის სათავეშია. ოლივერ კანს არ აინტერესებდა როგორი უნდა იყოს კლასიკური მეკარე. ის თამაშობდა, როგორც ნამდვილი ველური ცხოველი. ყოველთვის ინსტინქტებით მოქმედებდა. მისთვის ყველა მატჩი ასეთი იყო: „სიკვდილი ან სიცოცხლე“!

ერთხელ მისმა თანაგუნდელმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა თქვა: „როდესაც ოლივერ კანის პირისპირ გადიხარ, რაც შეიძლება სწრაფად დაარტყი, რადგან მან შესაძლოა ცოცხლად შეგჭამოს.“

ყველამ იცოდა, რომ ლომის შეწუხება არ შეიძლებოდა.. ხასიათით მას ვერცერთ ფეხბურთელს ვერ შევადარებთ. სპორტსმენებიდან კი მისი მსგავსი ალბათ მხოლოდ მაიკ ტაისონი იყო. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ გერმანელ მეკარეს, მსგავსად ტაისონისა, მოწინააღმდეგისთვის ყურები უნდა დაეკბინა. საუბარი იმაზე მაქვს, თუ როგორი იყო მისი სამუშაო ეთიკა და მონდომება.. ის არაადამიანურად მშრომელი იყო..

ოლივერს თავად აქვს ნათქვამი, რომ ის დიდი ნიჭით დაჯილდოებული არასდროს იყო. მისი ფეხბურთისადმი აკვიატებული სიყვარული 6 წლის ასაკში იწყება.. ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი მეკარის ხელოვნებით მთლიანად შეპყრობილი იყო.. ყველაფერი იცით როგორ დაიწყო? კანს ბაბუამისმა ზეპ მაიერის მაისური აჩუქა.. ამის შემდეგ, „ოლიმ“ გადაწყვიტა ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ საუკეთესო გამხდარიყო. 

იმავე წელს კანი კარლსრუეს აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც მრავალი წელი გაატარა. 1987 წელს ოლივერი მეორე გუნდის მეკარე გახდა, ხოლო 1990 წელს პირველ გუნდში დააწინაურეს. აქ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. „ოლი“ თავდაპირველად მეორე მეკარედ განიხილებოდა, მაგრამ ის ამას არ შეეგუა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ბურთი მთავარი მწვრთნელის მიმართულებით დაარტყა და დაუყვირა: „გავაკეთოთ ყველაფერი ახლიდან, ბრძოლისთვის მზად ვარ.“

ეს გარკვეულწილად უპატივცემულო საქციელად ჩანდა, მაგრამ მწვრთნელმა სწორად აღიქვა და განაცხადა: „იმ მომენტში დავრწმუნდი, რომ კანი ჩემი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მეკარე უნდა ყოფილიყო“. ასეც მოხდა, ოლივერი კარლსრუეს კარს 4 წლის განმავლობაში იცავდა.. 

კანი არცერთი წამით არ ისვენებდა. ის ძალიან კონკურენტუნარიანი და დაუნდობელი იყო. იცით? კარლსრუეს სხვა მეკარეები უარს ამბობდნენ ოლივერთან ერთად ოთახში ცხოვრებაზე. კანი ყველას მტრად მიიჩნევდა, ვისაც კი ხელთათმანი ეკეთა. მეკარეებს ეშინოდათ, რომ კანი მათ მოულოდნელად ღამით ბალიშით გაგუდავდა.

ოლივერის ხასიათის დამადასტურებელი კიდევ ერთი უცნობი ისტორია არსებობს. დავბრუნდეთ ისევ მის ბავშვობაში.

კარლსრუეს 10-წლამდე გუნდში ყოფნის დროს, ერთ-ერთი მატჩი მეტად საინტერესო პირობით წარიმართა. მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელმა თავის ფეხბურთელებს უთხრა, რომ რამდენ გოლსაც გაიტანდნენ, იმდენ 100 ევროს ჩაურიცხავდნენ გოლის ავტორებს. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. დაინიშნა პენალტების სერია, სადაც კანმა აბსოლუტურად ყველა პენალტი აიღო და მოწინააღმდეგე ბავშვები პრემიის გარეშე დატოვა.. საინტერესო ის ფაქტი გახლავთ, რომ სამოტივაციო პრემიის შესახებ ოლივერმა წინასწარ იცოდა და გაათმაგებული მონდომებით ითამაშა. მას არ სურდა, რომ მის კარში გატანილი გოლების გამო ვინმეს ფული აეღო..

1992/93 წლების სეზონი კანისთვის ერთ-ერთი გარდამტეხია. მისი დიდებული თამაშის წყალობით, კარლსრუემ ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა.

მიუხედავად ასეთი კარგი თამაშისა, კანისთვის ეროვნული ნაკრების კარი დაკეტილი იყო და არ იძახებდნენ. ოლივერმა იმ დროინდელ უეფა-ს თასზეც გაიბრწყინა და კარი მშრალად ისეთი გუნდების წინააღმდეგ შეინახა, როგორებიც პსვ, ზიდანის ბორდო და მიატოვიჩის ვალენსია იყვნენ.

მეტიც, თავისი კარგი თამაშის წყალობით, კანმა კარლსრუე უეფა-ს თასის ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც 2-მატჩიან დუელში ავსტრიის ზალცბურგთან დამარცხდა, თუმცა თამაში არ წაუგია. ავსტრიელები სტუმრად გატანილი გოლის წესით გავიდნენ. ავსტრიაში გამართული მატჩი 0:0 დასრულდა, ხოლო გერმანიაში 1:1.

სეზონის დასრულების შემდეგ, კანი გერმანიის წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. ირონიულია, მაგრამ მას ეროვნულ ნაკრებში დებიუტის საშუალებას მაინც არ აძლევდნენ. ის 1994 წლის მუნდიალზე მესამე მეკარის სტატუსით წაიყვანეს. მასზე წინ ბოდო ილნერი და ანდრეას კიოპკე დააყენეს.

მიუხედავად ამისა, მუნდიალის დასრულების შემდეგ, ზაფხულის სატრანსფერო ფანრის დროს, მიუნხენის ბაიერნმა „ოლი“ კარლსრუედან 2.4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, რაც იმ დროისთვის გერმანელ მეკარეებს შორის სარეკორდო თანხა იყო.

კანს რეკორდმაისტერში მეკარეების მწვრთნელად მისი კუმირი ზეპ მაიერი დაუნიშნეს. ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ ოლივერმა განაცხადა:

„ბევრი ფიქრობს, რომ, რადგან აქ გადმოვედით ახლა ყველაფერი მაქვს, თუმცა ეს ასე არ არის. ეს მხოლოდ დასაწყისია“ - კანმა ზუსტად ისეთი განცხადება გააკეთა, როგორიც მის ხასიათს შეეფერებოდა..

სამწუხაროდ, კანის მიუნხენური კარიერა კარგად არ დაიწყო, რადგან მან ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და სადებიუტო სეზონი თითქმის გაუცდა.

შემდეგ სეზონში ყველაფერი შეიცვალა. კანი ბაიერნის სახე გახდა და შემადგენლობაში აბსოლუტურად ყველაზე მეტი სათამაშო დრო ჰქონდა. 1995/96 წლების სეზონში, „ოლიმ“ ყველა აალაპარაკა. მასზე, როგორც მეკარეზე მხოლოდ დადებითად საუბრობდნენ. სეზონი კი ევროპული ტრიუმფით დაასრულა. კანმა მიუნხენურ გრანდთან ერთად უეფა-ს თასი მოიგო, სადაც ფინალში ზინედინ ზიდანის ბორდო დაამარცხა.


დაჯილდოების ცერემონიაზე კანს 125 000 ადამიანი უკრავდა ტაშს, მაგრამ მის მიმართ საზოგადოების აღქმა მაინც არასწორი იყო. ოლივერს მეტსახელად გორილა შეარქვეს. სტადიონებზე მას ბანანებს ესროდნენ და სატელევიზიო კომედიურ სიუჟეტებში ხშირად დასცინოდნენ. მსახიობებს მის სათამაშო მაისურს აცმევდნენ და მოცემულ პერსონაჟს, როგორც იდიოტს, ისე აჩვენებდნენ..

საინტერესო იყო თავად კანის რეაქცია. ინტერვიუებში ხშირად ამბობდა: „მომწონს ის ფაქტი, რომ ისინი ვერ მიტანენ. ბანანებს მხოლოდ იმის გამო მესვრიან, რომ მე უძლეველი ვარ.“

თუ ეს სიძულვილი კანს არაფერს აკლებდა, სხვა სიტუაცია იყო გერმანიის ნაკრების მწვრთნელის შემთხვევაში. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს, ბუნდეს ნაკრებს ბერტი ფოგტსი წვრთნიდა, რომელმაც ოლივერს სათამაშო დრო არ მისცა და მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში კიოპკე დააყენა, მიუხედავად იმისა, რომ იმ სეზონში ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაუშვა და მისი გუნდი(აინტრახტი) ჩემპიონატიდან გავარდა.

თითქოს ამას კანი უნდა გაეტეხა, მაგრამ პირიქით, ეს ყველაფერი მის მოტივაციად იქცა და შემდეგი სეზონი ბუნდესლიგაში დიდებულად ჩაატარა. ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონატში ყველაზე ცოტა 34 გოლი გაუშვა.

ოლიმ დაინახა, რომ მისი მეთოდები მუშაობდა. არც შემდეგი სეზონი ჰქონდა ცუდი, მაგრამ ბაიერნი საჩემპიონო ბრძოლაში კაიზერსლაუტერნთან დამარცხდა. ამის გამო, „ოლიმ“ ჩათვალა, რომ ის რაღაცას სწორად ვერ აკეთებდა და თავისი თავის გაუმჯობესებაზე მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო.

ასეთი შრომა დაუფასდა და მრავალი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე შეძლო თამაში. მისი პირველი დიდი სანაკრებო ტურნირი 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი იყო, თუმცა საკუთარ ნაკრებს ვერ უშველა. გერმანია ჯგუფში 1 ქულით ჩარჩა. ფრე რუმინეთთან, წაგება ინგლისთან და პორტუგალიასთან. „ოლიმ“ 5 გოლი გაუშვა..

განსხვავებული სიტუაცია შეიქმნა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც გერმანია ფინალში გავიდა და ბრაზილიასთან 0:2 დამარცხდა. აღნიშნული მუნდიალი ოლივერის ტრიუმფით მიმდინარეობდა, თუმცა ფინალში დაუშვა შეცდომა, რომელიც მთელს მსოფლიოს დღემდე ახსოვს..

ფინალის შემდეგ, კანმა განაცხადა: „ეს გოლი არასდროს დამავიწყდება. სიკვდილის წინაც კი მხოლოდ ამაზე ვიფიქრებ. ასეთი სიმწარე კარიერაში ჯერ არ მქონია.“

მიუხედავად ასეთი სიმწარისა, ოლივერს რონალდო ყველაზე მეტად არ ეზიზღებოდა. მისი ზიზღის ობიექტი ფილიპო ინძაგი იყო. ამის შესახებ თავად მეკარემ კარიერის დასრულების შემდეგ განაცხადა: „რონალდო საუკეთესო იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ფილიპო ინძაგი მაღიზიანებდა. ის არ იყო სუპერ თავდამსხმელი, მაგრამ ჩემს კარში გოლები ყოველთვის გაჰქონდა.“

წლები გადიოდა და კანი თავის ხასიათს ხშირად ავლენდა. მაგალითად, ერთ-ერთი მატჩის დროს დორტმუნდის წინააღმდეგ, ჰაიკო ჰერლიშს სახეზე უკბინა. რა გახდა ამის მიზეზი? ერთ-ერთ ეპიზოდში, ოლივერმა ბურთი მაღალ ნახტომში დაიჭირა და ჰერლიში მას დაეჯახა. „ოლი“ ბურთიანად კინაღამ კარში შევარდა, რამაც მისი აგრესია გამოიწვია.


კანი სტეფან ჩაპუისატსაც დაუპირისპირდა. სტეფანის მიმართულებით გრძელი პასი გაკეთდა. ის თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოლივერი საჯარიმოს გარეთ გამოვარდა, ბურთი ხელში დაიჭირა და კარატის ილეთით ჩაპუისატის დაზიანება სცადა, თუმცა ვერ მიწვდა და არასპორტული უხეშობაც არ დაფიქსირდა. მსაჯმა ამის გამო მას ყვითელი ბარათიც კი არ მისცა.


ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ სძულდათ „ოლი“ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს. რბილად რომ ვთქვათ, ასე მოქცევა არ შეიძლება.

კანი ყოველთვის ემოციური იყო და მომხდარ ფაქტებს იმაზე მძაფრად აღიქვამდა, ვიდრე სხვა ნებისმიერი. ამის ნათელი მაგალითი 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალია, სადაც ბაიერნი მანჩესტერ იუნაიტედთან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დამარცხდა. რეკორდმაისტერი მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე 2 გოლი გაუშვა და წააგო.


წლების შემდეგ, ოლივერ კანმა გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა: „ამ მატჩის დავიწყება შეუძლებელია. შემდეგი 1 წელი მხოლოდ ამ თამაშზე ვფიქრობდი. ეს საშინელებათა ფილმს ჰგავდა. კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღე იყო და ამის დაძლევა ძალიან გამიჭირდა.“

ფინალში წაგების მიუხედავად, ოლივერ კანს ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული სეზონი ჰქონდა და ტურნირის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა..

შემდეგ სეზონში გულშემატკივრები მის საბოტაჟს ცდილობდნენ. ერთ-ერთი მატჩის მიმდინარეობისას, კანს თავში გოლფის ბურთი მოარტყეს და თავი გაუტყდა. მისი სახე მთლიანად სისხლმა დაფარა, მაგრამ მოედნის დატოვებაზე უარი განაცხადა, რადგან ბაიერნს ყველა ცვლილება გაკეთებული ჰქონდა და საკუთარ გუნდს 10 ფეხბურთელით ვერ დატოვებდა.

„ოლის“ განსხვავებულ ხასიათს კიდევ ერთი შემთხვევა წარმოაჩენს. 2000//2001 წლების სეზონში, ბაიერნი სტუმრად როსტოკის ჰანზას ხვდებოდა. 90-ე წუთისთვის, მიუნხენელები 2:3-ს აგებდნენ, რა დროსაც მასპინძელთა კართან კუთხური დაინიშნა. საჯარიმოში კანიც ჩავიდა და გამოიცანით რა მოხდა? ოლივერმა ხელით გოლი გაიტანა.. რა თქმა უნდა, გოლი არ ჩაითვალა და მსაჯმა კანი მოედნიდან გააძევა.

მიუნხენის ბაიერნი და ზოგადად გერმანელები ყოველთვის საოცარი ბრძოლისუნარიანი ხასიათით გამოირჩევიან. 21-ე საუკუნის დასაწყისში, თუნდაც საქართველოში, რეკორდმაისტერს არაერთი გულშემატკივარი გამოუჩნდა. იცით ვინ იყო ამის მიზეზი? ოლივერ კანი. ის გარკვეულწილად ბაიერნის სახედ იქცა. მისი ქარიზმატული ხასიათი გულშემატკივრებში მოწონებას იწვევდა და ბევრისთვის საკულტო გმირადაც კი იქცა.

თანამედროვე ფეხბურთში კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის უამრავი ქომაგი ჰყავს, რაც, რა თქმა უნდა, მათი საოცარი თამაშის დამსახურებაა. ისინიც სახეები და მისაბაძი მაგალითები არიან. ასეთი იყო კანიც, რომლის გამოც ბაიერნის გულშემატკივრობა ძალიან ბევრმა ბავშვმა დაიწყო. და დღესაც, მიუნხენის ბაიერნის გახსენებაზე ეფენბერგის მებრძოლ ხასიათთან ერთად ბევრს ოლივერ კანი ახსენდება..

მივედით კანის ისტორიულ საღამომდე. „ოლის“ კარიერა იმდენად შთამბეჭდავად მიმდინარეობდა, რომ მას აუცილებლად უნდა მოეგო რაიმე ღირებული, თანაც ისე, რომ ლომის წვლილი მას შეეტანა..

2000/2001 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ბაიერნი ვალენსიას წინააღმდეგ. მე-2 წუთზე მენდიეტამ პენალტით ანგარიში გახსნა და ღამურები დააწინაურა. უკვე მე-7 წუთზე ასევე პენალტით მეჰმეტ შოლს შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ ვერ გაიტანა. პირველი ტაიმი ესპანელებმა მოიგეს.

მეორე ნახევარში, ბაიერნი გააქტიურდა და 50-ე წუთზე სანტიაგო კანისარესის კარის მიმართულებით კვლავ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ბურთთან ამჯერად ეფენბერგი მივიდა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ, გოლი აღარ გასულა და პენალტების სერია დაინიშნა.

პენალტები ბაიერნისთვის კატასტროფულად დაიწყო. პაულო სერჟიოს დარტყმა კარს ასცდა და შემდეგ მენდიეტამ გაიტანა. მიყოლებით სალიჰამიჯიჩმა, კარეუმ და ციკლერმა ზუსტად დაარტყეს. სამ-სამი პენალტის შემდეგ, ვალენსია 3:2-ს იგებდა. ილივერს რამე უნდა გაეკეთებინა, რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ფინალის წაგებასთან ძალიან ახლოს იყო.

ბურთთან ზაჰოვიჩი მივიდა, რომელმაც ოლივერისგან მარჯვნივ დაარტყა.. კანმა ბრწყინვალე ნახტომით მოიგერია და მიუნხენელებს წონასწორობის აღდგენის შანსი მისცა, თუმცა ანდერსონმა ვერ გაიტანა. გერმანელებისთვის ეს შოკი იყო. თანაგუნდელებმა კანს იმედის თვალით გახედეს, რომელიც კარბონის პენალტისთვის ემზადებოდა..

გამორბენი.. დარტყმა.. ოლივერ კანი მარცხნივ ხტება.. ბურთი შუაში მიდის.. წამიერად თითოეული გერმანელის სული გაიყინა.. „ოლიმ“ ნახტომის მომენტში მარჯვენა ხელი დატოვა, ბურთი მოიგერია, რომელიც კარის ზედა ძელს მოხვდა და უკან გადმოვარდა.. კანმა ბაიერნს კიდევ ერთხელ მისცა შანსი..

ეფენბერგი, ბარახა, ლიზარაზუ, კილი კონსალესი და ლინკე.. მათ ზუსტად შეასრულეს თერთმეტმეტრიანები.. მე-7 პენალტის შესასრულებლად ბურთთან პელეგრინო მივიდა. ოლივერი მას არ უყურებდა, მისი მზერა მხოლოდ ბურთისკენ იყო მიმართული. თვალებიდან თითქოს ცეცხლს აფრქვევდა და ალბათ იმ მომენტში სამყაროში ყველაზე თავდაჯერებული ადამიანი იყო..

პელეგრინომ მარცხენა ფეხით კანისგან მარჯვნივ დაარტყა.. ლეგენდარულმა გერმანელმა კუთხე გამოიცნო და ეფექტური ნახტომით ბურთი მუშტებით მოიგერია.. მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ამაში კანმა უდიდესი წვლილი შეიტანა..


პენალტების სერიის დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ფეხბურთელები ჩემპიონობას აღნიშნავდნენ. რა ქნა ოლივერ კანმა? მან ბევრისთვის მოულოდნელი რაღაც გააკეთა. ადამიანი, რომელიც თავისი ხისტი ხასიათით იყო გამორჩეული, მეკარე, რომლისაც თანაგუნდელებს ეშინოდათ, მეკარე, რომელთან პირისპირ გასვლა თავდამსხმელებს არ უყვარდათ, სანტიაგო კანისარესთან მივიდა და მისი დამშვიდება სცადა..

სანტიაგო მინდორზე თავჩაღუნული, მუხლებზე დამდგარი ტიროდა. „ოლიმ“ ის წამოაყენა და ამის შემდეგ, მას თანაგუნდელებმაც მიბაძეს. რეკორდმაისტერის ფეხბურთელები კანისარესის მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობდნენ..


პრესკონფერენციაზე ოლივერს ჟურნალისტებმა სწორედ ამ საკითხზე დაუსვეს კითხვა, რაზეც კანმა უპასუხა:

„ვგრძნობდი, თუ რას განიცდიდა სანტიაგო. მე იგივე 1999 წლის ფინალში განვიცადე. ეს არის მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. როცა ტიტულთან 1 ნაბიჯი გაშორებს, საუკეთესოდ თამაშობ, იგერიებ 2 პენალტს და მაინც ვერ იგებ. მე მისი კარგად მესმის.“

კარიერის ბოლოსკენ კანმა ფორმა დაკარგა და ისეთი დამაჯერებელი ვეღარ იყო, როგორიც ადრე. 2006 წლის მუნდიალზე, რომელიც გერმანიაში გაიმართა, ოლივერი ძირითადი შემადგენლობის მეკარედ აღარ განიხილებოდა. ცოცხალი ლეგენდა იენს ლემანმა ჩაანაცვლა, რომელიც არსენალში საოცრად დამაჯერებელი იყო.

მოგეხსენებათ, გერმანია ნახევარფინალში იტალიასთან დამარცხდა, თუმცა ოლივერისთვის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ერთი ფაქტით იყო გამორჩეული.

ყველაზე არაჰუმანურმა მეკარემ, ყველაზე ჰუმანური საქციელი ჩაიდინა. მეოთხედფინალში ბუნდეს ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდა და ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა. ლემანმა აიალას და კამბიასოს თერთმეტმეტრიანები მოიგერია და საკუთარი ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა, თუმცა პენალტების სერიის დაწყებამდე საოცარი ფაქტი დაფიქსირდა.

ლემანს მისცეს ფურცელი, რომელზეც წინასწარ ჩატარებული დაკვირვების შედეგად არგენტინის ნაკრების ფეხბურთელების დარტყმული პენალტების მიმართულებები ეწერა. იმ დროს, როდესაც გერმანელი მეკარე ფურცელს კითხულობდა, მასთან ოლივერი მივიდა და გაამხნევა. ამას აბსოლუტურად არავინ ელოდა. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივ რამეს ჰგავს - ერთმა მეკარემ, მეორე გაამხნევა, თანაც თანაგუნდელმა, მაგრამ ეს კანისგან მოულოდნელი იყო.


გახსოვთ ალბათ კარლსრუეში სხვა მეკარეებს ოლივერთან ერთად, ერთ ოთახში დაძინების ეშინოდათ.. „ოლიმ“ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ბოლო შეხვედრა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, პორტუგალიასთან მესამე ადგილისთვის გამართა. გერმანიამ 3:1 მოიგო..

2 წლის შემდეგ, კანმა საფეხბურთო კარიერაც დაასრულა. ეს 2008 წლის 27 მაისს „სოლთ ლეიქ სთედიუმზე“ ამხანაგურ მატჩში მოჰუნ ბაგანის წინააღმდეგ მოხდა..(ინდოეთი, დასავლეთ ბენგალი). სტადიონზე 120 000 გულშემატკივარი შეიკრიბა და ყველა ერთად უკრავდა კანს ტაშს. მატჩის 55-ე წუთზე „ოლი“ მიქაელ რენსინგმა შეცვალა.. ეს კადრები, ისევე, როგორც ოლივერ კანი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას სამუდამოდ ემახსოვრება..

კაცი ათასი ხელით - ოლივერ კანი..


მსგავსი სიახლეები