მოიესმა წარსული გააცოცხლა - 2002 წლის პრემიერ ლიგის მწვრთნელები მაშინ და დღეს
Aa
Aa

მოიესმა წარსული გააცოცხლა - 2002 წლის პრემიერ ლიგის მწვრთნელები მაშინ და დღეს

რამდენიმე კვირის წინ „ევერტონში“ დევიდ მოიესის დაბრუნებამ ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარს წარსული და XXI საუკუნის დასაწყისი გაახსენა. შოტლანდიელი სპეციალისტი ლივერპულურ კლუბში პირველად სწორედ მაშინ, 2001-2002 წლების მსვლელობისას მივიდა და მაშინაც მიზნად „ირისების“ პრემიერლიგაში დატოვება ჰქონდა დასახული, რაც შეასრულა და იმედი აქვს რომ ამჯერადაც ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.

ერთ-ერთ ალბიონურ სპორტულ გამოცემაში გაიხსენეს სწორედ ის სეზონი და მაშინდელი პრემიერ ლიგის ოცივე გუნდის მთავარი მწვრთნელი, რომელთა შორისაც ზოგი ცოცხალი აღარ არის, ზოგიერთი მათგანი კი ახლაც მუშაობს.

დეივ ბასეტი (ლესტერი)

როდესაც მოიესი „ევერტონში“ მივიდა, იმ დროისთვის 57 წლის ბასეტმა „ლესტერი“ მალევე დატოვა და ამით პრაქტიკულად სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. მას შემდეგ გულშემატკივარს თავი მხოლოდ „უიმბლდონში“ მუშაობითა და „ნოტინგემ ფიორესტის“ პრემიერ ლიგაში დაბრუნებით დაამახსოვრა. ამჟამად 80 წლისაა და დამსახურებული პენსიით ტკბება.

ჯონ გრეგორი (დერბი)

იმ სეზონში გრეგორიმ ვერ შეძლო „ქაუნთი“ ინგლისური ფეხბურთის ელიტაში დაეტოვებინა, რასაც ჯერ „ქუინზ პარკ რეინჯერსში“, შემდეგ კი ისრაელისა და ყაზახეთის კლუბებში მუშაობა მოჰყვა. შარშან სამწვრთნელო ასპარეზზე ხუთწლიანი ტაიმ აუტის შემდეგ, ინდოეთს მიაშურა და 70 წლის ასაკში ახლა იქაურ „მალაპურამას“ ამზადებს.

ჯორჯ ბარლი (იფსვიჩი)

წინა წელს „თაუნის“ მეექვსე ადგილზე გამყვანმა ბარლიმ, რომელიც პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელეს, 2001-2002 წლების სეზონში იგივეს გაკეთება ვეღარ შეძლო და „იფსვიჩი“ ჩემპიონშიპში დაქვეითებისგან ვერ გადაარჩინა. ამჟამად 68 წლისაა და შარშან აღმოაჩინა, რომ კიბოთი არის დაავადებული, რის გამოც ქიმიოთერაპიის კურსებს იტარებს, თუმცა „თაუნის“ საშინაო მატჩებს რეგულარულად ესწრება.

პიტერ რიდი (სანდერლენდი)

ერთ-ერთი იმ ინგლისელ ფეხბურთელთაგანია, რომელმაც 1986 წელს დიეგო მარადონას საუკუნის გოლის გატანაში ხელი ვერ შეუშალა. რიდმა „სანდერლენდი“ ჩემპიონშიპიდან პრემიერ ლიგაში ორჯერ ამოიყვანა, ხოლო იმ სეზონში ელიტაში ადგილი დიდი ნერვების საფასურად შეუნარჩუნა. უკვე 9 წელია მწვრთნელობას შეეშვა და 68 წლის ასაკში პენსიაზეა გასულია.

სემ ელერდაისი (ბოლტონი)

კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი, 8 წელი „ძია სემმა“ „ბოლტონში“ გაატარა და ჩემპიონშიპის ბინადრიდან გუნდი პრემიერ ლიგის უცვლელად წევრად აქცია, რომელიც უეფას თასის პლეი ოფში ორჯერ გაიყვანა. მისი ბოლო გამოჩენა საკლუბო ფეხბურთში 2023 წელს შედგა, როდესაც „ლიდსი“ ქვედა ლიგაში გავარდნისგან ვერ გადაარჩინა. თუმცა, როგორც ამბობენ, 70 წლის ელერდაისს ჯერ არაფერი დაუსრულებია და მას მშობლიური „ბოლტონი“ უხმობს, რომელიც ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში მეცხრე ადგილზეა.

უოლტერ სმიტი (ევერტონი)

სწორედ მის ნაცვლად დაინიშნა „ევერტონში“ თავის დროზე დევიდ მოიესი. ლივერპულურ გუნდში მისვლამდე სმიტს ზურგს 90-იან წლებში „რეინჯერსში“ მოგებული შვიდი საჩემპიონო ტიტული უმაგრებდა. თუმცა, მისი ხელმძღვანელობით „ირისები“ ზედიზედ სამი წელი გავარდნის ზღვარზე იყვნენ. „ევერტონიდან“ წასვლის შემდეგ სმიტი „მანჩესტერში“ სერ ალექს ფერგიუსონის“ თანაშემწედ მუშაობდა, საიდანაც ისევ „რეინჯერსში“ დაბრუნდა და „პროტესტანტებს“ ქვეყნის პირველობის ოქროს მედლები კიდევ სამჯერ მოაგებინა. 2021 წელს, უოლტერ სმიტი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ალან კერბიშლი (ჩარლტონი)

 „ჩარლტონ ატლეტიკს“ 15 წელი წვრთნიდა, 2006 წელს კი „ვესტ ჰემში“ გადაინაცვლა, რომელიც ორწლიანი მუშაობის შემდეგ, ლიდერების გაყიდვის გამო, კლუბის ხელმძღვანელებთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ დატოვა. „ფულემის“ სტრუქტურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის მერე, უკვე 10 წელია უმუშევარია. შეკითხვაზე, თუ რატომ არ სურს ფეხბურთში დაბრუნება, 67 წლის კერბიშლიმ უპასუხა: „იმიტომ, რომ გაღვიძებისთანავე ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ, ადრე კი 50 ადამიანი მყავდა საფიქრალი“.

ჟან ტიგანა (ფულემი)

ფრანგული ფეხბურთის 80-იანი წლების ოქროს თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, უნიჭო არც მწვრთნელობაში გამოდგა. „მონაკოსთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის მოგებასა და „ფულემში“ ნორმალურ მუშაობას, „ბეშიქთაშის“ დამრიგებლის ამპლუაში თურქეთის თასზე გამარჯვება მოჰყვა. ამის შემდეგ იყო ჩინეთში წარუმატებელი გამოსვლა და სამშობლოში დაბრუნება, ბოლო სამი წელია კი ტიგანა უმუშევარია.

სტივ მაკლარენი (მიდლსბრო)

ამ სპეციალისტმა „მიდლსბროს“ საუკუნოვან ისტორიაში ინგლისის ლიგის თასის სახით პირველი ტიტული მოაგებინა, ხოლო უეფას თასზე ფინალამდე გაიყვანა, სადაც „სევილიასთან“ დამარცხდა. ინგლისის ნაკრებში მოხვედრილმა ვერაფერ ღირებულს ვერ მიაღწია. სულ ახლახანს კი სამწვრთნელო ასპარეზზე ხუთწლიანი პაუზა დაასრულა და იამაიკის ეროვნული გუნდი ჩაიბარა.

გორდონ სტრაჩანი (საუთჰემპტონი)

სტრაჩანის მაქსიმუმი „საუთჰემპტონის“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გაყვანა იყო, რის შემდეგაც ნისლიან ალბიონზე აღარაფერი გამოუვიდა. სამშობლოში დაბრუნებულმა „სელტიკს“ ეროვნული ჩემპიონატი ზედიზედ სამჯერ მოაგებინა, რის შემდეგაც შოტლანდიის ნაკრები ჩააბარეს, თუმცა „სქოთები“ 2018 წლის მუნდიალზე ვერ გაიყვანა და კარისკენ მიუთითეს. 67 წლის სტრაჩანი ამჟამად „დანდი იუნაიტედის“ ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობს.

გრემ სუნესი (ბლექბერნი)

ტაქტიკური სქემებით ახალგაზრდობაშიც დაინტერესებული იყო და 33 წლის ასაკში უკვე მოთამაშე-მწვრთნელად მუშაობდა. აქვს სხვადასხვა ლიგებში მოღვაწეობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება - „ლივერპული“, „ტორინო“, „ბენფიკა“, „გალათასარაი“. ახლა კი, 71 წლის ასაკში ტელექსპერტის ამპლუაშია და რეზონანსულ აზრებს გამოთქვამს - მაგალითად, ცოტა ხნის წინ თქვა, რომ თანამედროვე ჩემპიონთა ლიგის ყურებას, ინგლისის ჩემპიონშიპის მატჩებისთვის თვალის მიდევნება ურჩევნია.

გლენ ჰოდლი (ტოტენჰემი)

მწვრთნელობაზე უფრო მეტად ჰოდლი გულშემატკივარს ერთი ინტერვიუთი დაამახსოვრდა, სადაც მან განაცხადა, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანები იხდიან სასჯელს წინა ცხოვრებაში დაშვებული შეცდომებისთვის. მაშინ ის ინგლისის ნაკრების დამრიგებლად მუშაობდა, გუნდს ევრო 2000-სთვის ამზადებდა და ამ სიტყვების გამო პოსტიდან გაუშვეს. სულ მალე „ტოტენჰემი“ ჩაიბარა, თუმცა მის ხელში „ჰოთსპური“ სატურნირო ცხრილის შუა ნაწილს ვერ ასცდა.

გრემ ტეილორი (ასტონ ვილა)

სასწაულმოქმედი, რომელმაც ელტონ ჯონის (კლუბის მეწილე იყო) „უოტფორდი“ მეოთხე დივიზიონიდან ევროთასებამდე მიიყვანა. სანაკრებო ასპარეზზე კი არაფერი გამოუვიდა - 1990 წლის მუნდიალზე მისმა მომზადებულმა ინგლისის ეროვნულმა გუნდმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი ვერ გავიდა. 2002 წელს ტეილორმა „ასტონ ვილა“ ნახევარი სეზონით ჩაიბარა და მალე სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. 2017 წელს ის 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გლენ როედერი (ვესტ ჰემი)

მშვიდი, ღიმილიანი მწვრთნელი, რომელსაც „ნიუკასლში“ მუშაობითა და პოლ გასკოინთან მეგობრობით იცნობდნენ.  იმ სეზონში „ვესტ ჰემი“ მეშვიდე ადგილზე გაიყვანა, მომდევნოში კი ჩემპიონშიპში დაქვეითდა. ზუსტად მაშინ როედერს ტვინის სიმსივნე დაუდგინდა, რის გამოც რამდენიმეწლიანი შვებულება აიღო, თუმცა მკურნალობის შემდეგ ფეხბურთს ისევ დაუბრუნდა. მალე ავადმყოფობამ თავი ისევ იჩინა და სამწუხაროდ, როედერი ორი წლის წინ გარდაიცვალა.

კლაუდიო რანიერი (ჩელსი)

მაშინდელი მწვრთნელებიდან ერთადერთია, რომელიც ახლაც, 73 წლის ასაკშიც ტოპ-დონეზე მუშაობს და მისი ხელმძღვანელობით „რომამ“ გუშინ „ნაპოლის“ ქულები დააკარგვინა. იმ წელს რანიერიმ „ჩელსი“ მეექვსე ადგილზე გაიყვანა, თუმცა რომან აბრამოვიჩმა „არისტოკრატების“ შეძენის შემდეგ ბევრი შანსი აღარ მისცა. რანიერი ნისლიან ალბიონს 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და „ლესტერის“ გაჩემპიონებით ოცდამეერთე საუკუნის მთავარი სასწაულის ავტორი გახდა.

დევიდ ოლირი (ლიდსი)

2002 წელს მისი მომზადებული იორკშირული კლუბი მეხუთე ადგილზე გავიდა, თუმცა უფრო წარმატებული წინა სეზონი იყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ითამაშეს. „ლიდსის“ შემდეგ მას განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია, მხოლოდ „ასტონ ვილასა“ და „ალ-აჰლიში“ იმუშავა და დღემდე ნანობს, რომ „ნიუკასლის“ წინადადებას არ დათანხმდა. 66 წლის ოლირი ამჟამად ლონდონის „არსენალში“ სხვადასხვა ქვეყნებში ელჩის პოზიციას იკავებს.

სერ ბობი რობსონი (ნიუკასლი)

„ნიუკასლი“ იმ დროისთვის 69 წლის სერ ბობი რობსონის ბოლო სამუშაო ადგილი იყო და ჩრდილოური გუნდი ევროთასების მუდმივ მონაწილედ აქცია. თუმცა, 2004-2005 წლების სეზონში არსებული კრიზისის გამო, თანამდებობა დატოვა. აქედან რამდენიმე წელიწადში მას ცხოვრებაში სიმსივნე მეოთხედ დაუდგინეს, რომლის წინაშეც ქიმიოთერაპიაც უძლური აღმოჩნდა და 2009 წელს გარდაიცვალა.

სერ ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ჯერ კიდევ მაშინ ფერგი ამბობდა, რომ ის სეზონი შესაძლოა მისთვის უკანასკნელი ყოფილიყო, მაგრამ მესამე ადგილის დაკავების მიუხედავად (მაშინ მანიუსთვის ბრინჯაოს მედლები წარუმატებლობა იყო), შოტლანდიელი პოსტზე დატოვეს და მომდევნო წელს კლუბს პრემიერ ლიგა კიდევ ერთხელ მოაგებინა. 83 წლის სერ ალექს ჯანმრთელობის განსაკუთრებულ პრობლემებს არ უჩივის და „ოლდ ტრაფორდზეც“ ხშირად ჩნდება.

ჟერარ ულიე (ლივერპული)

„ლივერპულს“ ულიემ თითქმის ყველა საკლუბო ტიტული მოაგებინა, გარდა მთავარისა - პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგისა. ყველაზე ახლოს ინგლისის ჩემპიონატის მოგებასთან ის სწორედ 2002 წელს იყო, როდესაც საბოლოოდ გაჩემპიონებულ „არსენალს“ 7 ქულით ჩამორჩა. ფრანგი მწვრთნელი 2020 წელს გარდაიცვალა.

არსენ ვენგერი (არსენალი)

2001-2002 წლების სეზონში ვენგერი „არსენალთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონი მეორედ გახდა და მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ანალოგიურ წარმატებას ის კიდევ მიაღწევდა - მეტსაც მიაღწია და 2004 წელს „კანონირები“ ისე გააჩემპიონა, რომ 38 ტური დაუმარცხებლად განვლო. 75 წლის ფრანგი ამჟამად ფიფას გლობალური საფეხბურთო განვითარების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დამარხული “უკანასკნელი მოჰიკანები“ - რატომ გაქრა ფეხბურთიდან 10 ნომერი?
დამარხული “უკანასკნელი მოჰიკანები“ - რატომ გაქრა ფეხბურთიდან 10 ნომერი?