„უძლიერესი ფეხბურთელი დაკარგეს“ | ადანიმ კვარას გარეშე დარჩენილ ნაპოლიზე ისაუბრა
იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში, „ნაპოლი“ „რომას“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და შეხვედრის შემდეგ, დანიელე ადანიმ „პარტენოპეიზე“ ისაუბრა. „ინტერისა“ და „ფიორენტინას“ ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ნეაპოლურმა გუნდმა ყველაზე ძლიერი მოთამაშე დაკარგა და პრობლემაა, მისი შემცვლელი რომ არ მოუყვანია.
„მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ რომასთან მატჩში, ნაპოლიმ კვარაცხელიას შემცვლელის გარეშე ითამაშა. რაღაც მომენტში, კონტემ პოლიტანო და ნერეში გაიყვანა და აღარ დარჩა ფეხბურთელი, რომელიც კვარას მსგავსად თამაშობს და ბოლო ოც წუთში, შეხვედრის ბედის შეცვლა შეუძლია. ნაპოლიმ შემადგენლობის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი დაკარგა და თუ მის შემცვლელს არ მოიყვანს, სერიოზული პრობლემით დარჩება“.
კვარაცხელიას გაშვებაზე ცნობილმა ჟურნალისტმა, პაოლო დე პაოლამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაპოლი“ ხვიჩას შემცვლელის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევს. მისი აზრით, შემადგენლობის სიღრმე აუცილებელია თუ კონტეს გუნდს ჩემპიონობის დასაკუთრება უნდა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 54 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. მეორე პოზიციაზე მყოფმა „ინტერმა“ „პარტენოპეიზე“ ერთით ნაკლები მატჩი გამართა და 51 ქულა აქვს.