მეტოქეს ბევრის უფლება მივეცით - გუარდიოლას და არტეტას შეფასებები
ინგლისის პრემიერ ლიგის XIV ტურის ცენტრალური მატჩი „არსენალი“ – „მანჩესტერ სიტი“ (5:1) მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ბუნებრივია, მიმდინარე სეზონში „მეთოფეები“ „ქალაქელებზე“ გაცილებით მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებენ, მაგრამ მათი უპირატესობა თუ ამხელა იქნებოდა, ვერავინ წარმოიდგენდა. ფაქტია, „არსენალმა“ „სიტისთან“ წაუგებელი სერია 5 მატჩამდე გაზარდა და 2003 წლის შემდეგ მანჩესტერული კლუბი ყველაზე დიდი ანგარიშით დაამარცხა. ბუნებრივია თამაშის დასრულების შემდეგ, როგორც ერთი, ასევე მეორე კლუბის მთავარი მწვრთნელის კომენტარი საინტერესო იყო.
მიკელ არტეტა
იმისათვის, რომ „მანჩესტერ სიტის“ დონის მეტოქესთან წარმატებას მიაღწიო, ბევრ რამეში უნდა გაგიმართლოს. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აგრესიულად და კომპაქტურად ვითამაშეთ. მოგებისთვის ხელი კი ყველაზე მეტად სტადიონის ტრიბუნებზე არსებულმა ატმოსფერომ შეგვიწყო - ფანებისგან ბიჭები ისეთ მხარდაჭერას გრძნობდნენ, რომ ისინი ერთი წუთითაც არ გაჩერებულან და ერთიანი ძალისხმევით უძლიერეს მეტოქეს ვაჯობეთ.
პეპ გუარდიოლა
ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო მხოლოდ ბოლო 25 წუთი დავრჩი, თორემ 65-70 წუთი მოედანზე ვაკეთებდით იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა და ეს მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი გოლი გვქონდა მიღებული. მთელი სეზონია ასე ხდება და ვერაფრით დავალაგეთ სიტუაცია - მოწინააღმდეგეებს საკმარისზე მეტის გაკეთების საშუალებას ვაძლევთ და შემდეგ ვითარების ჩვენს სასიკეთოდ შეცვლას ვეღარ ვახერხებთ.
24 ტურის შემდეგ „არსენალი“ 50 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა მერსისაიდელებს ლონდონელებზე მატჩით ნაკლები აქვთ გამართული. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, „ქალაქელები“ 41 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ.