წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა - გოგლიჩიძე რომაში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია
საბა გოგლიჩიძის „რომაში“ ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება. ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა სატრანსფერო ინსაიდერმა, ნიკოლო სკირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 20 წლის მცველმა რომაულ კლუბთან კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწია.
სკირას მტკიცებით, „რომამ“ „ემპოლის“ ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აყვანას და სეზონის დასრულების შემდეგ გამოსყიდვას გეგმავს. ხელშეკრულებას კი 2029 წლის 30 ივნისამდე გაუფორმებს.
#ASRoma have offered a loan with obligation to buy to #Empoli to try to sign Saba #Goglichidze (born in 2004). For the centre-back ready a contract until 2029. #transfers
— Nicolò Schira (@NicoSchira) February 2, 2025
გავრცელებული ინფორმაციით, „რომას“ ქართველი მცველის იჯარა 1 მილიონი ევრო დაუჯდება, სეზონის ბოლოს კი „ემპოლის“ კიდევ 9 მილიონ ევროს გადაუხდის და გოგლიჩიძეს 4-წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს.
???? Done Deal and confirmed! Saba #Goglichidze to #ASRoma from #Empoli on loan (€1M) with the obligation to buy (€9M). Contract until 2029. #transfers https://t.co/sYYTYrpr0r
— Nicolò Schira (@NicoSchira) February 2, 2025
ასევე, კიდევ ერთი ინსაიდერი, ალფრედო პედულა ამტკიცებს, რომ გოგლიჩიძემ დღეს, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ თამაში თავად არ ისურვა, ამის სავარაუდო მიზეზად კი „რომაში“ შესაძლო ტრანსფერს ასახელებს.
იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა ხვალ იხურება და ყველაფერი უახლოეს საათებში უნდა გადაწყდეს. იტალიურ მედიაში იწერება „იუვენტუსის“ ინტერესის შესახებაც, თუმცა სატრანსფერო ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ თავად გოგლიჩიძემ „რომას“ ვარიანტი აირჩია. კლაუდიო რანიერი ქართველ ფეხბურთელს უფრო დიდ სათამაშო დროს ჰპირდება და გადაწყვეტილების მიღებაში მთავარი ფაქტორიც სწორედ ეს აღმოჩნდა.