მენეჯერს აღარ პასუხობს - დონჩიჩის პროტესტი დალასს
NBA-ში დღევანდელი და სავარაუდოდ მომდევნო დღეების მთავარი სალაპარაკო თემა ლუკა დონჩიჩისა და ენტონი დევისის გაცვლა უნდა იყოს, რითაც „დალასისა“ და „ლეიკერსისა“ ხელმძღვანელებმა გულშემატკივრები შოკში ჩააგდეს. იმ სტატუსიდან გამომდინარე, რაც ამ მოთამაშეებს როგორც გუნდებში, ასევე საკალათბურთო სამყაროში აქვთ, მათი მსგავსი სახის ოპერაციაში შუა სეზონში ჩართვა, მოსალოდნელი არავისთვის იყო.
რა პოზიცია აქვთ თავად კალათბურთელებს, ეს უცნობია, რადგან მათ პირველი კომენტარები არ გაუკეთებიათ, მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რის მიხედვითაც დონჩიჩის განწყობაზე მცირე წარმოდგენის შექმნა შეიძლება. „მავერიქსის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკო ჰარისონმა აღნიშნა, რომ დილის შემდეგ მის ზარებს ლუკა აღარ პასუხობს და მხოლოდ მის აგენტს, ბილი დაფს ეკონტაქტება. ჰარისონმა აღნიშნა, რომ როგორც ხმოვანი, ასევე ტექსტური შეტყობინება დაუტოვა სლოვენიელს, მაგრამ ის კონტაქტზე არ გამოსულა.
სიმშვიდე არც „ლეიკერსშია“ - პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენტონი დევისი ლებრონ ჯეიმსთან არსებული კონფლიქტის გამო გაუშვეს, თუმცა „მეფემ“ ამ ყველაფერს ჭორები უწოდა და აღნიშნა, რომ ის კლუბის ხელმძღვანელების საქმეებში არ ერევა.