გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ერთი სეივი და ერთი გაშვებული გოლი - მნიშვნელოვანი 3 ქულა სელტასთან

წინა ტურში „ნოუ კამპზე“ „ბარსელონასთან“ (1:7) განცდილი უმძიმესი მარცხის შემდეგ, „ვალენსიამ“ საკუთარი ქომაგების თვალწინ რეაბილიტირება ნაწილობრივ მაინც მოახერხა, „მესტალიაზე“ ვიგოს „სელტა“ 2:1 დაამარცხა და არსებული რთული სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში მიდიოდა და რეალური მომენტები არც ერთი გუნდის კართან არ იქმნებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებით ინერტულები ვიგოელები იყვნენ, რის გამოც გიორგი მამარდაშვილს შესვენებამდე საქმე პრაქტიკულად არ ჰქონია. მისი თანაგუნდელები კი პაუზაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გააქტიურდნენ, რაც საბოლოოდ ლოგიკურად დაგვირგვინდა - „ვალენსიას“ სწრაფი კონტრშეტევის დროს, ხავი გერას კარგი პასი ლუის რიოხამ გამოიყენა და ეფექტური დარტყმით წლევანდელ ლა ლიგაში თავისი მე-5 გოლი გაიტანა.

მეორე ნახევრის დასაწყისში მამარდაშვილმა ცვლილებაზე შესული ალფონ გონსალესის დარტყმა მოიგერია. ამ მომენტიდან ზუსტად ექვს წუთში კი, მასპინძლების დაცვა ჩავარდა და პაბლო დურანმა ქართველ მეკარეს ახლო მანძილიდან გაუტანა. თუმცა, ძალიან მალე ხავი გერამ უძლიერესი დარტყმით „ვალენსია“ ისევ წაიყვანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

22 ტურის შემდეგ 19 ქულით „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა და დასარჩენ ზონაში, მე-17 პოზიციაზე მყოფ „ესპანიოლს“ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

ხუთშაბათს, 6 თებერვალს, „ღამურები“ ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალში „ბარსელონას“ უმასპინძლებენ, პრიმერა დივიზიონის მომდევნო ტურში კი, 9 თებერვალს, „მესტალიაზე“ „ლეგანესს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რამდენიმე უნდა ამეღო... რატომ არ წახვედი ლივერპულში?“ - მამარდას და ფერანის დიალოგი
„რამდენიმე უნდა ამეღო... რატომ არ წახვედი ლივერპულში?“ - მამარდას და ფერანის დიალოგი