31 საფეხურით დაწინაურდა - ბასილაშვილის პროგრესი გრძელდება
მონპელიეს პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე ასპარეზობა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეოთხედფინალურ ეტაპზე ტრავმის გამო დაასრულა, თუმცა ATP-ის LIVE-რეიტინგში 32 წლის ქართველი ჩოგბურთელის პროგრესი თვალშისაცემია. თუ შეჯიბრების დაწყებამდე ნიკოლოზი 178-ე პოზიციას იკავებდა, ამჟამად 31 საფეხურით არის დაწინაურებული და 147-ე ადგილს იკავებს. ფაქტია, რომ ასეთ ტემპში მომატებას თუ განაგრძობს, ბასილაშვილი სულ მალე ასეულში აუცილებლად შევა.
რაც შეეხება მის ბოლო შეჯიბრებას, ქართველმა სპორტსმენმა ორი მატჩი საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორიც ძირითად ბადეში მოიგო. რუს ანდრეი რუბლევთან მეოთხედფინალურ შეხვედრაში კი ტრავმამ შეახსენა თავი, რის გამოც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. პრინციპში, ნიკოლოზი სწორად მოიქცა, რადგან დაზიანების კიდევ უფრო გართულების სერიოზული შანსი არსებობდა და თანაც, პირველ სეტს მოწინააღმდეგე 5:2-ს იგებდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი ATP-ის შეჯიბრების მეოთხედფინალში საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის, 2022 წლის შემდეგ პირველად გავიდა. რეიტინგში კი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 2019 წელს აქვს დაფიქსირებული, როდესაც მე-16 პოზიციამდე იყო აღზევებული.