საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

მძიმე მარცხი იუვესთან | გოგლიჩიძემ ცვლილებაზე ითამაშა

სერია A-ს 23-ე ტურში ტურინის „იუვენტუსმა’’ შინ „ემპოლი’’ 4:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი დე შილიოს გოლით „ემპოლიმ’’ მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ ტიაგო მოტას გუნდმა თამაში შემოატრიალა.

დ’ავერსამ საბა გოგლიჩიძე თამაშში 59-ე წუთზე, 0:1-ზე ჩართო, იძულებითი ცვლილება იყო, რადგან ისმაილიმ მოედანი ტრავმის გამო დატოვა.

საბა სამ ცენტრალურ მცველს შორის შუაში, ცენტრში მოქმედებდა. ამ პოზიციაზე მას ქუთაისის „ტორპედოში’’ უთამაშია.

61-ე წუთზე კოლო მუანიმ საბას ორთაბრძოლა მოუგო, მეკარესთან პირისპირ გავიდა და „იუვეს’’ რიგებში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, გასულ ტურში „ნაპოლის’’ შეუგდო. 64-ე წუთზე ტიმოთი ვეას დარტყმის შემდეგ ბურთი კოლო მუანის მოხვდა და კარის ბადეში აღმოჩნდა. 84-ე წუთზე „ემპოლი'' 10 ფეხბურთელით დარჩა, მალემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. 90-ე წუთზე ვლაჰოვიჩმა შეაგდო, მეორე დამატებულ წუთზე - სერჟიო კონსეისაუმ.

საბას კარგი მატჩი არ ჰქონია, თუმცა შეცდომები განვითარების პროცესის ნაწილია. გოგლიჩიძე ძალიან პერსპექტიული მცველია, რაზეც მის მიმართ გამორჩეული იტალიური კლუბების ინტერესიც მეტყველებს. მან უკვე ძალიან დიდი კარიერული ნაბიჯი გადადგა, საქართველოდან პირდაპირ იტალიის ჩემპიონატში გადავიდა და საერთო ჯამში ძალიან კარგი სეზონი აქვს.

იუვეს გოლები

„იუვენტუსთან'' მატჩის წინ Dazn-მა „ემპოლის'' მთავარ მწვრთნელ რობერტო დ’ავერსას საბასთან დაკავშირებით ჰკითხა, ტურინელთა მხრიდან არსებულმა ინტერესმა გოგლიჩიძის სასტარტოს მიღმა დარჩენაზე რამდენად მოახდინა გავლენა.

დ'ავერსა: „ჩემს თავს ამის უფლებას არ მივცემ, არ დავუშვებ რომ სატრანსფერო ბაზარმა ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. მე ყოველთვის საუკეთესო 11-ეულის ძიებაში ვარ’’.

20 წლის საბა გოგლიჩიძემ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში ითამაშა, 20-დან 18-ში სასტარტოში იყო და მხოლოდ ორჯერ გამოვიდა ცვლილებაზე.

20-გუნდიან სერია A-ში „ემპოლი'' 21 ქულით მე-17 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში „მილანს'' მიიღებს (8 თებერვალი).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გოგლიჩიძე იუვესთან სკამზეა | ემპოლის მწვრთნელს მიზეზი ჰკითხეს
გოგლიჩიძე იუვესთან სკამზეა | ემპოლის მწვრთნელს მიზეზი ჰკითხეს