უსმან დემბელე
Aa
Aa

11 გოლი 6 მატჩში - დემბელე 2025-ში მოედნიდან უგოლოდ არ გადის

საფრანგეთის ლიგა 1-ის XX ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ინისთვის კარგი გენერალური რეპეტიცია გაიარა და „ბრესტი“ სტუმრად 5:2 დაამარცხა, პარიზელთა მე-10 ნომერმა უსმან დემბელემ კი ჰეთ-თრიკი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ფრანგ ფეხბურთელსა და კლუბის მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს შორის არსებული კონფლიქტი წარსულს ჩაბარდა და 27 წლის შემტევი დედაქალაქური გრანდის წამყვან ფიგურად ყალიბდება.

ზედიზედ შესრულებული ტრებლის გარდა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2025 წლის დადგომის შემდეგ დემბელემ 6 მატჩში 11 გოლი გაიტანა. „შტუტგარტთან“ და „ბრესტთან“ შეხვედრებამდე, უსმანმა თავი „მონაკოსთან“ (1:0) საფრანგეთის სუპერ თასზე, „მანჩესტერ სიტისთან“ (4:2) უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო „რეიმსთან“ (1:1) და „სენტ ეტიენთან“ (2:1) ლიგა 1-ში გამოიჩინა. ზედიზედ ჰეთ-თრიკი კი არა, თავის კარიერაში დემბელეს ერთი გოლი ზედიზედ სამ მატჩში ბოლოს 2016 წელს ჰქონდა გატანილი, როდესაც დორტმუნდის „ბორუსიაში“ ასპარეზობდა. უსმანის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 26 მატჩში უკვე 19 გოლი და 6 საგოლე პასია.

ფრანგი ფეხბურთელის ასეთ ფეერიულ გამოსვლას ნამდვილად არავინ მოელოდა, მითუმეტეს იმ ყველაფრის ფონზე, რაც წლევანდელი სეზონის მიმდინარეობისას ხდებოდა. 27 ნოემბერს, „ბაიერნთან“ (0:1) მატჩის 56-ე წუთზე, დემბელემ სრულიად არასაჭირო ვითარებაში წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მომდევნო შეხვედრაში „ნანტთან“ გუნდის ესპანელმა თავკაცმა ის ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, რაც შემდეგნაირად ახსნა: „მე მსურს, რომ ჩემს განკარგულებაში მყოფმა თითოეულმა ფეხბურთელმა თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს, მინდა მყავდეს ისეთი შეგირდები, რომელთაც ბრძოლის სურვილი გააჩნიათ“.

ლუის ენრიკეს სანქციები ამით არ დასრულებულა - მან ცოტა ხნის შემდეგ დემბელე „არსენალთან“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის განაცხადშიც არ შეიყვანა, მიზეზად კი ფეხბურთელის ვარჯიშზე დაგვიანება დაასახელა. ამას მოჰყვა თავად უსმანის ინტერვიუ, სადაც მან პირდაპირ განაცხადა, რომ საწვრთნელ პროცესზე სხვა მოთამაშეებიც აგვიანებდნენ, მაგრამ მისგან განსხვავებით, ისინი მწვრთნელს ამის გამო არ დაუსჯია. გარდა ამისა, საჯაროდ განაცხადა, რომ ლუის ენრიკეს სათამაშო სტილი მოძველებული და ყველასთვის ადვილად გასაშიფრი იყო.

როგორც ახლა ირკვევა, დემბელესა და ენრიკეს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე იყო დაძაბული - ზაფხულში, წინასასეზონო მზადებისას, ესპანელ სპეციალისტს იმდენად მოეწონა ვიტინიას შესრულებული 11-მეტრიანები, რომ ის გუნდის პენალტისტად დანიშნა, რის გამოც უსმანმა უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა და კაპიტნების მხარდაჭერაც მოიპოვა. აქედან გამომდინარე, ლუის ენრიკეს კომპრომისზე წასვლა მოუწია და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო - პენალტების შემსრულებელი სხვადასხვა იქნებოდა და მისი ვინაობა ყოველი მატჩის წინ დასახელდებოდა.

ასეა თუ ისეა გუნდის ლიდერსა და მთავარ მწვრთნელს შორის ურთიერთობა ახლა იდეალურია და თუ დემბელეს დასვენებას არ გადაწყვეტს, მას მეტოქის კალიბრიდან გამომდინარე, შანსი ექნება ჰეთ-თრიკი ზედიზედ მესამედ შეასრულოს - სამშაბათს, 4 თებერვალს, პსჟ საფრანგეთის თასზე მესამე დივიზიონის წარმომადგენელ „ლე მანს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შემტევებით კმაყოფილი ვარ, დემბელე ფენომენალურია“ - ლუის ენრიკე
„შემტევებით კმაყოფილი ვარ, დემბელე ფენომენალურია“ - ლუის ენრიკე