ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ხვიჩას პირველი გამარჯვება პსჟ-ში | ენრიკემ კვარა 58-ე წუთზე შეცვალა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურში „ბრესტი’’ შინ პსჟ-სთან 2:5 დამარცხდა. პარიზელთაგან უსმან დემბელემ ჰეთ-თრიკი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ფრანგმა სამი გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. მატჩის მიწურულს გონსალუ რამუშმა 2 გოლი გაიტანა, ჯერ 89-ე შეაგდო, შემდეგ კი - მე-7 დამატებულ წუთზე.

ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა, თუმცა ქართველი ფეხბურთელისთვის დღევანდელი მატჩი საუკეთესო არ ყოფილა. ამ მატჩში ყველაზე ოსტატურად და სანახაობრივად მე-4 წუთზე ითამაშა, როცა გარე ტერფით დემბელეს მისამართით ბრწყინვალე პასი შეასრულა, ფრანგმა შანსი ვერ გამოიყენა. მალევე ძალიან არასასიამოვნო მომენტი იყო, კვარაცხელიამ ახლო მანძილიდან ვერ შეაგდო, 100-პროცენტიანი საგოლე შანსი ვერ გამოიყენა.

„რეიმსთან’’ გამართული მატჩის მსგავსად კვარაცხელია ამ მატჩშიც ცვლიდა პოზიციებს, ხშირად შუაში იწევდა ან საპირისპირო ფლანგზე გადადიოდა.

56-ე წუთზე დემბელემ დუბლი შეასრულა, ამ მომენტში ხვიჩა კვარაცხელიაც აქტიურობდა, რომლის წინააღმდეგ კონტაქტი იყო, თამაშის წესი ირღვეოდა, თუმცა დემბელემ ვითარებით ისარგებლა და პსჟ დააწინაურა - 1:2.

კვარაცხელიას გამორჩეული მომენტები

58-ე წუთზე ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა, თამაშში 19 წლის დეზირე დუე ჩართო.

ქართველმა შემტევმა პსჟ-ში მეორე მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა, „რეიმსთან'' სადებიუტო მატჩში მის აქტივში საგოლე პასი იყო.

პარიზულმა გუნდმა 20 ტურში 50 ქულა დააგროვა, ლიდერია და მეორეადგილოსან „მარსელს'' 13 ქულით უსწრებს („მარსელს'' მარაგში ერთი მატჩი აქვს).

ლიგა 1-ის მომდევნო ტურში პსჟ „მონაკოს'' მიიღებს, მატჩი 8 თებერვალს, 00:05 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები