ჰაიდენჰაიმმა დორტმუნდთან წააგო | ბუდუს ორი საგოლე მომენტი ჰქონდა
ბუნდესლიგის მე-20 ტურში „ჰაიდენჰაიმი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე იცავს, საკუთარ კედლებში „დორტმუნდს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
პირველი გოლი 33-ე წუთზე გავიდა - ვალდემარ ანტონის პასის შემდეგ ახლო მანძილიდან „ჰაიდენჰაიმის“ კარი სერუ გირასიმ აიღო. 63-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მაქსიმილიან ბაიერმა სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა (ასისტი რამი ბენსებაინის ანგარიშზეა), თუმცა უკვე ერთ წუთში „ჰაიდენჰაიმმა“ ერთი ბურთი გაქვითა - ფრანც კრეტციგის პასის შემდეგ თავი მათიას ჰონსაკმა გამოიჩინა.
რაც შეეხება ქართველ ფორვარდს, ბუდუმ მატჩი სრულად ჩაატარა, პირველ ტაიმში ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.
ბუდუმ Sofascore-ისგან 6,8-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 2 დარტყმა კარისკენ, 1 წარუმატებელი დრიბლინგი, 1 საკვანძო პასი, 32 შეხება ბურთთან, 16-დან 11 ზუსტი პასი (69%), 1 არაზუსტი ჩაწოდება, 1 არაზუსტი გრძელი პასი, 8-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა, 4 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა. ბუდუმ 9-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს ერთხელ დაარღვევინა წესები.
ბუდუს საუკეთესო მომენტები:
შეგახსენებთ, რომ ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმს“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, „კარლსრუედან“ შეუერთდა და 5 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
20 მატჩის შემდეგ „ჰაიდენჰაიმს“ 14 ქულა აქვს და ამ დროისთვის ბუდუს გუნდი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ჰაიდენჰაიმი“ 8 თებერვალს, გასვლაზე „ფრაიბურგის“ წინააღმდეგ გამართავს.