კაცნაკლული უოტფორდის მარცხი კონკურენტთან - ჩაკვეს 3 მომენტი ჰქონდა
ინგლისის ჩემპიონშიფის 30-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ კონკურენტ „ნორვიჩს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.
შეხვედრაში გარდამტეხი მომენტი პირველი ტაიმის 35-ე წუთზე იყო, როდესაც კუთხურის მომენტში „უოტფორდის“ ფორვარდმა ვაკუნ ბაიომ მარტივ სიტუაციაში ნერვები ვერ მოთოკა და მეტოქეს ხელი ჩაარტყა, რისთვისაც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
რიცხობრივი უპირატესობა სტუმრებმა მალევე გამოიყენეს და 41-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს.
რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ტრადიციულად სასტარტოში იყო და 90 წუთიც ითამაშა. აქტიურობდა, 2-3 კარგი მომენტიც ჰქონდა და უკეთ მოქმედებაც მართებდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში დამაჯერებლობა აკლდა. განსაკუთრებით ეს პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შექმნილ მომენტზე ითქმის, როცა ქართველი მეკარესთან პირისპირ დარჩა და მცირე ტექნიკური წუნის გამო კარგი შანსი ხელიდან გაუშვა. გატანის შანსი მეორე ტაიმშიც მიიღო, როცა 49-ე წუთზე დარტყმა შეეძლო და პასის გაკეთება ამჯობინა.
ამრიგად, 30 ტურის შემდეგ, „უოტფორდი“ 41 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება და საპლეიოფო ზონას 4-5 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ჩაკვეს გუნდი 8 თებერვალს „სანდერლენდს“ ესტუმრება.