ბორჯღალოსნების სარეკორდო შოუ - 110:0 შვეიცარიასთან
Aa
Aa

ბორჯღალოსნების სარეკორდო შოუ - 110:0 შვეიცარიასთან

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა რაგბი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი შთამბეჭდავი და დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. რიჩარდ კოკერილის მომზადებულმა ბორჯღალოსნებმა ავჭალის სტადიონზე პირველ ტურში ტურნირის დებიუტანტი შვეიცარიის ნაკრები 110-0 დაამარცხეს და მეტოქის ჩათვლის მოედანი 16-ჯერ აიღეს.

პირველ ტაიმში მასპინძლებმა 6 ლელო დადეს. წლევანდელ შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის გუნდის შემადგენლობაში მეტოქის ჩათვლის მოედანი პირველმა გელა აფრასიძემ აიღო, რასაც გიორგი კვესელაძის ლელოც მოჰყვა. სულ მალე თავი ლუკა ჯაფარიძემაც გამოიჩინა. ამის შემდეგ კი საქართველოს ნაკრების მეთოთხმეტე ნომერის ჯერი დადგა - მართალია აკა ტაბუცაძეს თავად არ აუღია მეტოქის ჩათვლის მოედანი, მაგრამ მისი კარგი გარღვევების შემდეგ ჯერ თორნიკე კახოიძემ, შემდეგ კი ლუკა მატკავამ განამტკიცა მასპინძლების უპირატესობა. შესვენებაზე გასვლის წინ კი მოლს ლუკა ივანიშვილის ლელო მოჰყვა და ქართველები შესვენებაზე 42-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ბორჯღალოსნებისთვის კიდევ უფრო შედეგიანი იყო და 10 ლელო დადეს. საერთო ჯამში დუბლი ოთხმა მორაგბემ, გელა აფრასიძემ, აკა ტაბუცაძემ, შალვა აფციაურმა და ლუკა ივანიშვილმა შეასრულა. თითოჯერ კი მეტოქის ჩათვლის ზონაში ბურთი შალვა აფციაურმა, ილია სპანდერაშვილმა ბექა შვანგირაძემ, ირაკლი აფციაურმა და გიორგი ხაინდრავამ დაამიწა. გარდასახვები ზუსტად შესვენებამდე ლუკა მატკავამ, შესვენების შემდეგ კი დავით ნინიაშვილმა შეასრულა.

მომდევნო, მეორე ტურში, 8 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იქნება და მატჩი ისევ ავჭალის სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები