რაიმე განსაკუთრებული თუ არ ჩაიდინა - ვორმისთვის მამარდა უშანსოდ არის
მეკარის პოზიციაზე მომავალ სეზონში „ლივერპულში“ უმძაფრეს კონკურენციას მოელიან - ძირითადმა გოლკიპერმა ალისონმა საუდის არაბეთში წასვლა საბოლოოდ გადაიფიქრა და „წითლებთან“ 2027 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. ასევე „ნოტინგემ ფიორესტის“ სარფიან შეთავაზებაზე თქვა უარი ბრაზილიელის ამჟამინდელმა დუბლიორმა კაიომჰინ კელეჰერმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისიც დარჩენასა და ბრძოლას აპირებს.
სწორედ ასეთი კონკურენციის დაძლევა მოუწევს გიორგი მამარდაშვილს, რომელიც არავისზე ნაკლები რომ არ არის, გასული წლის ევროპის ჩემპიონატზეც დაამტკიცა, როდესაც სეივების რაოდენობით საუკეთესო იყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ სხვებისგან განსხვავებით მხოლოდ ოთხი მატჩის ჩატარება მოუწია.
ცნობილი გამოცემა Sports Mole-ს ჟურნალისტი თემასთან დაკავშირებით წარსულში ცნობილ ნიდერლანდელ მეკარეს მიშელ ვორმს დაუკავშირდა, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგაში სხვადასხვა დროს „სუონსისა“ და „ტოტენჰემის“ ღირსებას იცავდა და აზრის გამოთქმა სთხოვა.
„ჩემთვის ალისონი ულაპარაკოდ ნომერ პირველია და თან არამხოლოდ „ლივერპულში“, არამედ შესაძლოა მსოფლიოშიც. მამარდაშვილს ტყუილად არ შეიძენდნენ, მაგრამ ბრაზილიელი მეკარის რეპუტაცია და მისი სათამაშო კლასი იმდენად მაღალია, ბეკერის ძირითადიდან ამოგდებისთვის ქართველმა რაიმე განსაკუთრებული უნდა ჩაიდინოს“.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი „ვალენსიაში“, რომელიც ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, იჯარის წესით თამაშობს. ესპანეთის ჩემპიონატის XXII ტურში გიორგი და მისი თანაგუნდელები „მესტალიაზე“ ვიგოს „სელტას“ უმასპინძლებენ და მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 19:15 წუთზე დაიწყება.